გვინდა, EU-ში გაწევრიანდეთ, მაგრამ ვერ შეძლებთ, თუ არ დააკმაყოფილებთ სტანდარტებს – ფიშერი

საქართველო გერმანიის საელჩო ელჩის, პეტერ ფიშერის კომენტარს ავრცელებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ეხება. გერმანიის ელჩი აღნიშნავს, რომ ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს.

“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით, ჩვენ გვინდა წინსვლა, თუმცა, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია” – ამბობს ფიშერი.

ელჩის თქმით, გერმანიაც გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და ახალ ფინანსურ ვალდებულებს აღარ აიღებენ.

“მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალმხრივი და ღრმა ურთიერთობები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში ღირსეული პარტნიორი. ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს.

მოკლედ: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პროცესს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ, მნიშვნელოვანია თუ არა ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს” – ამბობს გერმანიის ელჩი.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მანვე თქვა, რომ “სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია”. ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლადშექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს”, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

“ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი განზრახვები. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დრო გადის. სხვა ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ. უკრაინამ და მოლდოვამ ახლახან დაიწყეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება და მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ამის ნაწილი” – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share