უკრაინისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16-ები გზაშია

უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების მიერ გადაცემული F-16-ები უკვე გზაშია. ავიაგამანადგურებლები მისიების შესრულებას ზაფხულიდანვე შეუერთდებიან.

ინფორმაცია ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ აშშ-მ, დანიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს. ამ უკანასკნელმა ქვეყანამ თვითმფრინავები კიევს უკვე გაუგზავნა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაოდენობა. შემდეგში ამაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

“ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამ ზაფხულიდან იფრენენ, რათა უზრუნველყონ უკრაინის ეფექტიანი თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.” – თქვა ენტონი ბლინკენმა.

დანიას, ნორვეგიას, ნიდერლანდებსა და ბელგიას დადებული აქვთ პირობა, რომ ამ ზაფხულს უკრაინას 60-ზე მეტ ამერიკულ F-16-ს გადასცემენ.

გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანას, სულ მცირე, 128 ცალი F-16 სჭირდება და რომლებსაც ახლა იღებენ, დაგვიანებული და ცოტაა. მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთს მეტი ამავე თაობის ავიაგამანადგურებელი გააჩნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share