რუსეთიდან წასული ცნობილი უცხოური ტანსაცმლის ბრენდების ნაცვლად ბაზარზე ირანული და ინდური ბრენდების შესვლას ელოდებიან. სად წავიდეთ შოფინგზე?სვამს კითხვას რუსული ტელეარხი РБК და პასუხობს, რომ რუსული ქალაქების სავაჭრო ცენტრების დაცარიელებულ მაღაზიებს ირანული და ინდური ბრენდები დაიკავებენ, რომელიც ამ დრომდე რუსი მომხმარებლისთვის უცნობია.
რუსეთის სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროცესი დაწყებულია. ირანული ტანსაცმწლის მწარმოებლები და რითეილერები უკვე მიიწვიეს რუსეთში, რათა ბაზრის თავისებურებებს გაეცნონ. ახლო მომავალში შეიძლება პირველი 30 მაღაზია გაიხსნას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბრენდებზეა საუბარი. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით რუსეთში დიდი თანხების ინვესტირება არ სურთ და მზად არიან გამოთავისუფლებული ნიშა ადგილობრივი დილერებისთვის საკუთარი მზა პროდუქციის მიყიდვით დაიკავონ. ვინ გაიღებს მარკეტინგულ ხარჯებს სრულიად უცნობი ბრენდების მომხმარებლისთვის გასაცნობად, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ჩნდება კითხვები ხარისხთან და სტილთან დაკავშირებითაც. РБК–ს ჟურნალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ირანული ბრენდები რუსული ბაზრის თავისებურებას გაითვალისწინებენ და მისთვის შესაბამის მოდელებს დაამზადებენ.
2018 წლიდან ირანში ტანსაცმლის იმპორტი სანქციების გამო აკრძალულია, თუმცა როგორც გაირკვა, არსებობს ადგილობრივი ადგილობრივი ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები. სწორედ მათ შესთავაზეს რუსეთს საკუთარი თავი ცნობილი ევროპული ბრენდების გასვლის შემდეგ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ქვეყნიდან 160 ბრენდი გავიდა, რომელთა შორის მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდები არიან. სხვადასხვა გათვლებით სავაჭრო ფართების 40%–მდე დამქირავებლის გარეშე დარჩა. რუსეთში მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ ისინი.
ჟურნალისტების ინფორმაციით, იგეგმება ინდური ბრენდების ბაზარზე შესვლაც. საუბარია არა ტრადიციულ ინდურ სამოსზე, არამედ საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნასთან ადაპტირებულ ტანსაცმელზე. ამ ეტაპზე ათამდე ბრენდის შესვლა განიხილება. ჯერჯერობით რუსეთში არსებულ ინდურ მაღაზიებში კოლორიტული ინდური ტანსაცმელი იყიდება – ძირითადად აბრეშუმის და ტილოსი, ყოველდღიური მოხმარებიისთვის გამოსადეგი ტანსაცმელი კი ნაკლებია. РБК–ს ჟურნალისტები ამ დროისთვის რუსულ ბაზარზე არსებულ ინდურ ტანსაცმელს უხარისხოს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ინდოეთი რუსულ მასმარკეტზე გათვლილ ხარისხიან პროდუქციას შეიტანს, რომელიც ფართო მომხმარებელს დააკმაყოფილებს და რუსი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ვინ ჩააცმევს რუსებს სანქციების პირობებში? ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო რთულდება.
ადგილობრივი რუსი დიზაინერები ბაზრის ათვისებას ახლო მომავალში ვერ შეძლებენ. რუსული მედია ამბობს, რომ რუსი დიზაინერების პროდუქცია ძირითადად ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი და ძვირია. ფართო მომხმარებლისთვის მასობრივი წარმოების დაწყება კი რუსეთში რთულია და წლები დაჭირდება: არ არსებობს შესაბამისი კადრები და მათ გაზრდას დიდი დრო უნდა, არის ძაფების და ნაჭრების დეფიციტი. წარმოების აწყობას კი ამ ყველაფერთან ერთად ინვესტიციები ჭირდება, რაც რუსეთში ახლა სერიოზული პრობლემაა.