“ოცნების” პირობებში საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროპის გზაზე, ამიტომ, არჩევნები არის გადამწყვეტი – კუბილიუსი

საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს. ღია წერილში ანდრიუს კუბილიუსი აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებს და ამბობს, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი უნდა გახდეს ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში. ევროპელი პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურულია.

კუბილიუსის მიმართვის ერთ ერთი ადრესატია ქართული პროდასავლური ოპოზიციაც, რომელსაც ევროპარლამენტარი უპრეცედენტო ერთიანობისკენ მოუწოდებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნოდ შეიქმნება პოლიტიკური ალიანსები, რომლებიც რეჟიმის დამარცხებას უზრუნველყოფს.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ, კუბილიუსმა კომენტარი მისცა “მთავარ არხს”. ის ამბობს რომ ევროკავშირის მხრიდან, დახმარებების შეჩერება ლოგიკური პასუხია “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე:

“ევროკავშირის პასუხი არის ლოგიკური. მათ შეაჩერეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და სავსებით ნათელია, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ვერ ექნება ვერანაირი პროგრესი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, მოახლოებული არჩევნები არის გადამწყვეტი და ქართველ ამომრჩეველს შეუძლია საქართველო დემოკრატიულ და ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს. გარდა ამისა, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, რათა ამომრჩეველს ნათელი ალტერნატივა შესთავაზოს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ამ მიმართულებით უკვე გადადგეს ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ ევროკავშირი სერიოზულად უყურებს საქართველოს რეგრესს და სწორედ ამიტომ შეჩერდა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ასევე მათ გააჩერეს ფინანსური დახმარება საქართველოსთვის, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ იწონებს ქართული ოცნების ქმედებებს, ეს მიუღებელია ევროკავშირისთვის და ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს ამ პოლიტიკას.

პრინციპი მარტივია: ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ ევროინტეგრაციისთვის, მიიღებენ მეტს და ის ქვეყნები, რომლებიც ცოტას აკეთებენ, მიიღებენ ცოტას. ხოლო თუ ქვეყნის მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც სულაც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ, მაშინ ევროკავშირი შეაჩერებს ასეთი ქვეყნის დახმარებას და საქართველოსთან მიმართებაში ახლა სწორედ ეს ხდება.

ჩვენ ვხედავთ, თუ რა ქმედებებს ახორციელებს ქართული ოცნება ბოლო წლებში და ვფიქრობ არ უნდა ველოდოთ, რომ მოულოდნელად ის სხვანაირად დაიწყებს მოქცევას. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ოქტომბერში გაიმართება. ქართველ ხალხს შეუძლია, შეცვალოს მთავრობა და პარტიები, რომლების პარლამენტში შევლენ. ქართველი პოლიტიკოსები ნამდვილად უნდა ელოდონ როგორც სანქციებს, ასევე სხვანაირ დამოკიდებულებას დასავლეთისგან, რადგან ქმედებები, რომლებსაც ბოლო დროს ვხედავთ საქართველოს მთავრობისგან, არის მიუღებელი.” ამბობს კუბილიუსი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share