რამ დააშინა ასე პუტინი, რომ საზენიტო “პანცირების” დაცვის გარეშე ვეღარ იძინებს?!

ქვეყნის პირველ პირებსა და ცნობილ პოლიტიკოსებზე შეიარაღებული თავდასხმები და მუქარები ისე მოხშირდა,რომ თავი „ველურ დასავლეთში“ გეგონება, როგორც ამას ჰულივუდის ვესტერნებში აჩვენებენ…

ჯერ იყო და, 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოქალაქეებთან საუბრისას, მიბჯნით გასროლებით დაჭრეს,13 ივლისს კი, აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ტყვიით მარჯვენა ყური „გაუფხაჭნეს“…

ამ ორ მნიშვნელოვან შემთხვევას შორის კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა -უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა დასავლეთის მასმედიასთან ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მათი მხრიდან იყო რამდენიმე მცდელობა… რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციისა, რომლებიც წარუმატებლად დამთავრდაო…

ლოგიკურად, მეომარი ქვეყნის ერთ-ერთი სადაზვერვო სტრუქტურის ხელმძღვანელი, წესით, არ უნდა აფიშირებდეს მოწინააღმდეგე მხარის პირველ პირზე გამოცხადებულ „ნადირობას“, ეს ასეც რომ იყოს, რადგან არსებობს ერთგვარი არადაკანონებული წესი, რომ სხვა ქვეყნის პირველ პირებზე ფიზიკურ თავდასხმებზე ერთგვარი ტაბუა დადებული, რადგან მისმა სპეცსამსახურებმაც შეიძლება, ამავე სახის საპასუხო ქმედებები გაიმეორონ…
2-p-1721123040.png
პუტინის ვალდაის რეზიდენციის სიახლოვეს სპეციალური „პირამიდაც“ კი ააშენეს, რომ ზედ აყვანილი საზენიტო „პანცირით“ დროულად აღმოაჩინონ და ჩამოაგდონ ყველა საეჭვო საფრენი აპარატი…

ჩვენ შორს ვართ იმის მტკიცებიდან, რომ უკრაინაზე თავდასხმისას და კიევის სწრაფი დაპყრობის მცდელობისას პუტინს არ ექნებოდა დავალებული ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია, ისევე, როგორც მოსკოვის კრემლის თავზე აფეთქებული ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის ოპერატორებს კრემლში პუტინის კაბინეტთან რაც შეიძლება ახლოს მიფრენის ბრძანება არ მისცეს…

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა, დროში გახანგრძლივებულმა და სისასტიკეში გადაზრდილმა ომმა ისეთი სახე მიიღო, როდესაც ორივე მხარე უკვე ყველაფერზეა წამსვლელი…

თუკი რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვა ელოდება საჭირო მომენტს, რომ ზებგერითი „ისკანდერებით“ მაშინვე, სამ-ხუთ წუთში, წერტილოვანი დარტმა მიაყენოს კიევში თუ ფრონტის ხაზზე მოულოდნელად ღიად გამოჩენილ ზელენსკის (ჰიპერბგერით „კინჟალებს“ რუსული „მიგები“ უშვებენ, რომელთა აეროდრომიდან აფრენას მაშინვე აფიქსირებენ დასავლეთის რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები და ზელენსკის დაცვის სამსახურს ოპერატიულად აფრთხილებენ). უკრაინელი მზვერავები, როგორც ჩანს, ცდილობენ, ის ზუსტი კოორდინატები მოიპოვონ დროულად, სადაც იმ მომენტში პუტინი იმყოფება, რის შემდეგაც საჰაერო კამიკაძე-დრონები გაუშვან…

ნელამფრენი კამიკაძე-დრონები ამ ეტაპზე საჰაერო თავდასხმის ერთადერთი საშუალებაა, რაც შეიძლება გამოიყენოს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მტრის ლიდერის – პუტინის ლიკვიდაციის მცდელობისას, რადგან ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანულ/ფრანგული ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება კიევს კატეგორიულად აკრძალული აქვს დასავლეთისგან.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 3 მაისს კრემლის თავზე ორი კამიკაძე-დრონი აფეთქდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსება მოსკოვის კორპუსების თავზე – თავად თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დააყენა, თუმცა ამან არ უშველა კრემლზე შეტევაზე გადასული კამიკაძეების დროულ აღმოჩენა-ჩამოგდებაში.

კომერციული თანამგზავრული ფოტოების გაშიფვრისას დასავლეთის მასმედია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის პრეზიდენტის – პუტინის ყველა რეზიდენციის, როგორც ვალდაიში და ნოვო-ოგარიევოში, ისე – სოჭში, „კრასნაია პოლიანასთან“, განთავსებული იქნა მობილური რადიოლოკაციური სადგურები და საჯარისო საჰაერო თავდაცვის „პანცირის“ ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარები…

3-p-1721123084.jpeg
ვენესუელის პრეზიდენტი მადურო შეშინებული უყურებს ტრიბუნის წინ აფეთქებულ კამიკაძე-დრონს, თუმცა მისმა პირადმა დაცვამ იყოჩაღა და გასაშლელი ჯავშანფილები უკვე ააფარა თავისი პრეზიდენტის სხეულს – ის, რაც არ ჰქონდათ და ვერ გააკეთეს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცველებმა და იძულებულნი გახდნენ, თავიანთი სხეულებით ეცადათ 190 სმ სიმაღლის ტრამპის ზორბა ფიგურის ჩამოფარება…

მათთვის აშენდა სპეციალური შემაღლებული ადგილები, საიდანაც უფრო შორ მანძილზე შეიძლება დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების ადრეული რადიოლოკაციური და ვიზუალური აღმოჩენა და საზენიტო რაკეტის გაშვება.

კამიკაძე-დრონების ფართოდ გავრცელების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახური დიდად უფრთხის მათი დაცვის ობიექტზე თავდასხმას, სწორედ კამიკაძე-დრონების, მათ შორის – FPV-დრონების საშუალებით, რომელთა წარმატებით საბრძოლო გამოყენებაში ფრონტის ხაზზე ძალზე დახელოვდნენ უკრაინელი მებრძოლები…

კამიკაძე-დრონით ქვეყნის პირველ პირზე თავდასხმის მცდელობა ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც 2018 წლის 4 აგვისტოს კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის – ნიკოლას მადუროს სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, მის სიახლოვეს ორი მცირე ზომის კვადროკოპტერი აფეთქდა, რომლებზეც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული…

ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც, სხვათა შორის, „პუტინის გუნდშია“, გადარჩა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირების დაცვის სამსახურებმა დაიწყეს კამიკაძე-დრონებიდან მომდინარე რეალური საფრთხეებისგან დაცვის მექანიზმებისა და მეთოდების დანერგვა , თუმცა ეს სრული უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share