ალაპარაკებული “ხარება”! განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი ტვ პირველის კითხვებს სცემს პასუხს.
“სპეცრაზმელს ვერავინ ვერ სცემს, არც არავის შერჩება”- ამბობს ხარაზიშვილი.
რაც შეეხება ქვემო ქართლი ვიცე-გუბერნატორთან დაპირისპირებას და კითხვას, მოუგო თუ არა გიორგი შინჯიკაშვილმა ეს დავა ხელისუფლებასთან, გდდ-ის შეფი ამბობს: “მე რა უნდა მომიგოს?!” და ხაზგასმით აცხადებს, რომ ის არავის არაფერს პასუხობს: “მე არავის არაფერს ვაპატიებ, არც მიპატიებია”.
”მე მუქარები არ ვიცი… სპეცრაზმელი არასდროს არავის უცემია, ვერავინ ვერ ცემს, არც არავის შერჩება”- ამტკიცებს სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი.
მიუხედავად “ხარებას” მტკიცებისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ნაცემები არ არიან, “შაბათის ეთერმა” მოიპოვა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ შინჯიკაშვილის დაჯგუფებასთან დაპირისპირების შემდეგ, სპეცრაზმის მინიმუმ ორი მაღალჩინოსანი სასტიკად იყო ნაცემი, ისინი “კავკასიის სამედიცინო ცენტრში” იყვნენ მოთავსებულნი.
- გიორგი ბოლოთაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული, მრავლობით სისხლჩაქცევები, რბილი ქსოვილის დაზიანება და ტვინის შერყევის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა.
- “შაბათის ეთერმა” გამოარკვია, ისიც რომ ე.წ. დარბევის სამმართველოს შეფის გარდა სასტიკად ნაცემი იყო, აქციების დაშლაში მონაწილე კიდევ ერთი სპეცრაზმელი, დიმიტრი მჭედლიძე. მოპოვებული ინფორმაციით, მას ყბა-სახის ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა რბილი ქსოვილები.
ხარება VS შინჯიკაშვილი – რა მოხდა?
- სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებასა და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების დეტალები “შაბათის ეთერმა” 15 ივნისს გაავრცელა.
- წყარო “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტებს მაშინ უყვებოდა, რომ დაპირისპირება ხარებას სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფს შორის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაპირისპირებაში შინჯიკაშვილი პირადად ჩაერია, რის გამოც ხარებამ მასზე შურისძიება გადაწყვიტა.