მის ბოლო საჯარო გამოცხადებაში, ტრამპის გაპრეზიდენტებასა და რესპუბლიკელების გამარჯვებაზე გაკეთებული აქცენტი და დადებული ფსონი კვლავ ბუნდოვანების პოლიტიკის გაგრძელებაა, შედარებით უფრო მკაფიოდ პერსონალიზებული ადრესატით, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ივანიშვილი გვეუბნება და რაც მთავარია ამერიკელებსა და ევროპელებსაც ეუბნება:- დემოკრატების ადმინისტრაციასთან ვერანაირად დალაგდა, ყველა შანსი ამოწურულია, ისინი ქიმერული გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არიან, ევროპელები ხომ საერთოდ ამერიკელების აგენტები და ყურმოჭრილი მონები. ამიტომ ერთადერთი, რისი და ვისი იმედიც აქვს – ტრამპი და რესპუბლიკური ადმინისტრაციაა.
თუმცა ზემოთ ნახსენები არაპროგნოზირებადობის ნიშნით გამორჩეული ტრამპის შემთხვევაში თუ რაიმეზე ზედმიწევნითი სიზუსტით შეიძლება პროგნოზის გაკეთება – ეს ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება და გაგრძელებაა.
ამას ემატება ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეი დი ვენსის მთავარი პოლიტიკური მახასიათებელი: მან თავისი ადგილი ამერიკულ პოლიტიკასა და სენატში შტატების დეინდუსტრიალიზაციისა და ჩინეთში წარმოების ძირითადი ნაწილის გატანის და შესაბამისად უბრალო ამერიკელების სამუშაო ადგილების დაკარგვის კრიტიკით დაიმკვიდრა და ყველა მისი პოლიტიკური თუ საკანონმდებლო ინიციატივა ჩინეთის გავლენების შეზღუდვასა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების უფრო მკაცრად გატარებას ემსახურება.
მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ მოიქცევა ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში, რა პოზიციას დაიჭერს აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეცდება შეაჩეროს, თუ გააგრძელოს ბაიდენის მიერ ინიციირებული გრანდიოზული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ფედერალური ბიუჯეტით და კიდევ ბევრ სხვა ამერიკელებისათვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი შეიძლება მართლაც ბუნდოვანი იყოს მისი არა პროგნოზირებადობის გამო. ერთადერთი საკითხი რასთან დაკავშირებითაც ყველაფერი წინასწარ ნათელია, ეს სწორედ ჩინეთთან ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მკაცრი დამოკიდებულებაა, რაც ასეთივე ხისტ გაგრძელებას პოვებს ჩინეთის მოკავშირეებთან მიმართებაშიც.
გასული კვირის ქართული საინფორმაციო ნაკადის ბოლო, ერთი შეხედვით ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის ინტერვიუს უკავშირდება. ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მან ასეთი პასუხი გასცა: ,,ვიმედოვნებთ, ამ პროექტზე. ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება. იმედი გვაქვს, შედგება“.
ანუ დიდი ალბათობით, ეს საკითხი უმაღლეს დონეზე უკვე გადაწყვეტილია და დედაქალაქის მახლობლად, ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული და ამავე დროს სტრატეგიული პროექტის მშენებლობაც ჩინელების ხელში აღმოჩნდება, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რამდენად დაუშვებელი და მიზანშეუწონელია ამ ტერიტორიაზე მოქმედი უნიკალური სამხედრო საწვრთნელი კომპლექსის გაუქმება.
დროების მაყურებელს შეხსენება არ ჭირდება, რომ სწორედ ჩინურმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ანაკლიის აქამდე საბოტირებული ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ასევე ჩინური კომპანიების მეშვეობით ხორციელდება მაგისტრალების პროექტები მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩინელების მონაწილეობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის ხერხემლის ოპერირებასა და კონტროლში დომინანტური ხდება.
კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკური კომპონენტი: ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების, საზოგადოების ინფორმირების, დებატების გარეშე, სიურპრიზად გვამცნეს სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი, მათ შორის პოლიტიკურ-იდეოლოგიური თანამშრომლობისა და მტრებთან და მეგობრებთან პოზიციონირების ნაწილში.
ახლა კი ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე და მათ შორის პირველ რიგში ბიძინას კერპის მიმდევართა გასაგონად ვსვამ კითხვას: ივანიშვილმა დაუკითხავად, ჩვენსავე სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე და უფრო მეტიც, მათ ზურგს უკან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სუპერ სახელმწიფოსთან – ჩინეთთან აიღო იმ ტიპისა და მასშტაბის ვალდებულებები, რომელიც საქართველოში ჩვენი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო რესურსის ფაქტობრივად სრულ კონტროლსა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის არსებობასთან დასავლური და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ სტრატეგიულ, ვიმეორებ – სტრატეგიულ ინტერესებთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის. რაც ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: შეერთებული შტატების პრეზიდენტი მომდევნო 4 წლით კიდევ ერთხელ შეიძლება გახდეს დონალდ ტრამპი, რომლის მთავარი სამიზნე იყო და რჩება ჩინეთი, როგორც გლობალური მასშტაბის გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
მოცემულობა ასეთია: გვყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად ჩააბარა რუსებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ჩინეთს, უკანასკნელთან სტრატეგიული ურთიერთობების ვალდებულებების ფორმალურადაც განმტკიცებული სტატუსით, გვეუბნება, რომ დემოკრატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ყველა რესურსი ამოწურული აქვს, მთელს ფსონს დებს ტრამპის ადმინისტრაციაზე, ტრამპის რომელიც მკაცრად უპირისპირდება ჩინეთს და მისი გავლენების ზრდას მსოფლიოში.
ყურადღება! კითხვა: თუ შეერთებული შტატების არჩევნებში მართლაც გაიმარჯვებს დონალდ ტრამპი და ამერიკას ეყოლება რესპუბლიკური ადმინისტრაცია, როგორ უნდა მოიქცეს ივანიშვილი იმისთვის რომ გადარჩეს?
ა) ეცადოს ტრამპის ადმინისტრაციას აუხსნას, რომ ჩინელები კარგი ხალხია, სი ძინ პინი ამერიკის ინტერესებს არ უპირისპირდება საქართველოში. პორტის, აეროპორტის და სხვა საკვანძო სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მათთვის გადაცემა ტრამპისა და ამერიკელების ინტერესებშია და “ერთმანეთს ავსებს” და ბ) გადააგდოს ჩინეთი. დეზავუირება გაუკეთოს პეკინთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლების ჩინური კომპანიისთვის გადაცემაზე და უარი თქვას დაპირებაზე თბილისში, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობის და ოპერირების უფლების ჩინელებისათვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
ახლა ცადეთ ამ დილემიდან ერთ-ერთი პასუხი აარჩიოთ, ანუ როგორ ფიქრობთ: შეძლებს ივანიშვილი – ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, უფრო სწორედ გადაარწმუნოს, რომ ჩინეთი ამერიკის ინტერესების და გავლენების წინააღმდეგ არ მოქმედებს და ბიძინას ჩინეთისადმი ლოიალობა ვაშინგტონთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან თავსებადია, თუ გადააგდოს პეკინი?
ივანიშვილის პიროვნულ მახასიათებლებში, თუკი რომელიმე ეპითეტი აქტუალურად და ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება, ეს სიტყვა “გადამგდებია.” სხვათა შორის ამ უნარით თავად ბატონი ბიძინა საჯაროდაც ხშირად ამაყობს ხოლმე: “გამოვიყენე და გადავყარე.” ამდენად, ბიძინას კულტის მხარდამჭერების მოსალოდნელ პასუხებში, დიდი ალბათობით, ეს მეორე პასუხი გაიმარჯვებს.
ახლა კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხსაც მე აქ არ დავწერ, უბრალოდ დავსვამ კითხვას და ჩემს საუბარსაც ამით დავამთავრებ: როგორ ფიქრობთ, თუკი მისდა საუბედუროდ, ივანიშვილს საჯაროდ გაცხადებული ოცნება აუხდა და ტრამპმა გაიმარჯვა, შესაბამისად ბიძინა გადაულახავი დილემის წინაშე აღმოჩნდა, რომლიდან გამოსავალიც ჩინეთის და სი ძინ პინის გადაგდებაა: – როგორ დაუმთავრდება ასეთი თამაში ჭორვილელ მილიარდერს, რომელსაც დასავლეთში ნდობა განულებული აქვს??? იფიქრეთ და პასუხი, თუ გინდათ მომწერეთ, თუ არა – თქვენთვის დაიტოვეთ. გამოგადგებათ 26 ოქტომბერს არჩევანის გასაკეთებლად.