ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ოზურგეთში, ირინა ინარიძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია, „გურიის მოამბეს“ „ახლების“ ცენტრალური ოფისიდან მოაწოდეს.
ორგანიზაციის ერთ ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ირინა ინარიძე იქნება ოზურგეთში პარტიის ლიდერი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ადგილზე;
მისივე განცხადებით, ინარიძე პარალელურად უხელმძღვანელებს პარტიის გურიის ორგანიზაციასაც.
„მიხარია, რომ ასეთი კვალიფიციური კადრი და პროფესიონალი შემოგვიერთდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ირინა, ოზურგეთელებთან და გურულებთან ერთად მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის და დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს გამარჯვებაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ის იქნება ხელმძღვანელი ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში და მის გუნდთან ერთად იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ადგილზე“ გვითხრა ნიკა გვარამიამ.
ირინა ინარიძე იყო გურიის სამხარეო ადმინისტრაციის (დაარსებიდან) ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პირველი არჩეული დირექტორი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი, ბოლო წლებში ის ბიზნესში მოღვაწეობდა და სხვადასხვა წლებში იყო სანატორიუმ „კოლხიდას“ და გაერთიანება „მოდერნის“ დირექტორი.
ჰყავს მეუღლე, ჯონი ურუშაძე და ორი შვილი.