სოფო ჯაფარიძე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს – ენმ-ის საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა თანაპარტიელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
სოფო ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლის დროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ იმ რუსულ რეჟიმს დაასრულებს, რომელსაც საქართველო ოკუპანტი სახელმწიფოსკენ მიჰყავს.
“რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ მჯერა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე” – თქვა სოფო ჯაფარიძემ და იქვე დაამატა, რომ ამის ფიქრის საფუძველს ქართველი ხალხის მუხტი და ენთუზიაზმი აძლევს.
”პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. ალბათ, ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი და ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით, ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, თქვენი ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს ქართველ ხალხშია. ის მუხტი, რომელიც მე მჯერა, რომ კიდევ და კიდევ უფრო მზარდი იქნება და აუცილებლად 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსულ რეჟიმს.
ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა რამდენიმე თვის წინ თბილისის ქუჩებში – თბილისელებით სავსე იყო თბილისის ქუჩები, მოედნები. ასი ათასობით თბილისელი იბრძოდა ერთისთვის და მათი მიზანი იყო ერთი – არა რუსულ კანონს! მაგრამ ამ ასი ათასობით თბილისელის მიზანი ჯერ მიღწეული არ არის და დიახ, ჩვენ ყველა ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ 26 ოქტომბერს, როდესაც ვეტყვით რუსულ რეჟიმს არას და ყველა ერთად ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენი ადგილი არის ევროპაში. ამისთვის საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა. დიახ, ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს საქართველოს გამარჯვების წინაპირობას, ის ერთიანობის სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალული იყო გაზაფხულზე აქციების დროს ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამ სულისკვეთებით, ერთიანობით, როდესაც ჩვენ ვხედავდით ერთიანი იყო მთელი საქართველო, ერთად იდგა განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, ისინი გვერდით ედგნენ, ამხნევებდნენ ერთმანეთს, აძლიერებდნენ და საფრთხის შემთხვევაში ეფარებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ სულისკვეთებით, ამ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე დავაყენებთ.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.