პუტინისა და” ქართული ოცნების” კრიტიკოსი რუსი აქტივისტი, ვლადიმერ ტეტერევი საქართველოში არ შემოუშვეს.
ტეტერევის თქმით, საქართველოში მეგობარ გოგოსთან ერთად სომხეთიდან ცდილობდა შემოსვლას, როცა საზღვარზე მას პასპორტი ჩამოართვეს და უთხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი მიიღო.
როგორც აქტივისტი მთავარ არხთან საუბარში აღნიშნავს, ამის მიზეზი მისი CNN-კავკაზთან მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი საუბრობს, თუ რა შედეგები მოაქვს რუსულ კანონს საქართველოსთვის და რატომ ეწინააღმდეგება ის ყოველივეს.
“10 რიცხვში მე არ შემომიშვეს საქართველოში სომხეთიდან. აიღეს პასპორტი და მითხრეს, თუ შეიძლება დაგვიცადეთო. ერთი საათი მალოდინეს, შემდეგ კი ვიღაც მამაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი მივიღე. ის კამერით იდგა და ყველაფერს ამას იწერდა. მორჩა, მეტი ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ვიყავი მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც შეუშვეს. ის მელოდებოდა და ყველას ეკითხებოდა ჩემზე, რატომ არ უშვებთო და ვიღაცამ უპასუხა, თავად იცის, რატომაცო. რამდენადაც მესმის, საქმე ეხება ჩემს ინტერვიუს CNN-კავკაზთან, რომელიც ტიკ-ტოკზე გავრცელდა და სადაც მე ვსაუბრობდი, თუ რა შედეგები მოაქვს რუსულ კანონს და რატომ ვარ ამის წინააღმდეგი.
ვამბობდი იმას, რომ ამ კანონს გამოიყენებენ ისე, როგორც იყენებენ რუსეთში და რაც ფაქტობრივად უკვე დაიწყო. რომ ვუყურებ ახალ ამბებს საქართველოდან, დეჟა ვიუს შეგრძნება მაქვს, კოშმარული სიზმრის, როდესაც იცი, რაც მოხდება, მაგრამ ვერაფერს აკეთებ. რუსეთმა ეს გაიარა და ახლა იმავეს გადის საქართველო, ხელისუფლების რიტორიკა ზუსტად იგივეა, რაც რუსეთის მთავრობის წევრებისა. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება და იმედი მაქვს, რომ საქართველო ამის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებს და მეც დავბრუნდები თავისუფალ საქართველოში”. – თქვა ტეტერევმა მთავარ არხთან საუბრისას [მთავარი არხის თარგმანი].