“მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტს კითხვაზე, დაიწყო თუ არა საქართველომ ომი 2008 წელს და გრძნობს თუ არა უხერხულობას, რომ დღეს “ამ ადამიანების” [წინა ხელისუფლების წარმომადგენლების] გვერდით დგას.
“ის ნათქვამი, რაც თქვენ წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ ლაპარაკი სხვა რამეზე იყო, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ ამაზე “ოცნებამ” არ დაიწყო არანაირი გამოძიება, სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცეებზე, რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეთ, ყველამ უნდა გაიგოს და არ უნდა ავრიოთ ცნებები და პრინციპები, პრინციპია ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა. დამთავრდა კითხვა, – განაცხადა ზურაბიშვილმა.