“შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით”, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ქართული ოცნების” რუსულ რიტორიკასა და პროპაგანდას. ამის შესახებ სახდეპის სპიკერის ოფისმა Globalnews.ge-ს შეკითხვას უპასუხა.
“შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით. ამის მორიგი მაგალითია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადების გეგმებთან დაკავშირებით ისმის. მრავალმხრივი შეხედულებები და მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია ძლიერი დემოკრატიისთვის.
როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პროცესს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს მისი კრიტიკოსების დემონიზება და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Globalnews.ge-ს.