მოძრაობა ”სირცხვილია” საჯარო რეესტრში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირდება – ამის შესახებ ორგანიზაციის წევრები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.
“ჩვენ ვიყავით პირველი მაგალითი, ვისაც ახსენებდნენ, თუ ვის შეეხებოდა რუსული კანონი. არაერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები.
ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა იარლიყების მიწებებას, ის ზიანი უკვე მოტანილია და ვისაც შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ, რადგან 5 წელია ეს პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს.
კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებული არის ხელისუფლების პროპაგანდაზე” – ნათქვამია სირცხვილიას წევრების საერთო ვიდეომიმართვაში.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მათ გაკოტრებამდე მიიყვანს,” სირცხვილია” ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ეს სწორედ ის არის, რაც ხელისფლებას უნდა.