“მდინარაძეს არც ერთხელ შეუმჩნევია გელათში არსებული უმძიმესი ვითარება და ახლა ფარისევლურ განცხადებას აკეთებს, სირცხვილია” – ასე პასუხობს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენია”.
დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ “ქართული ოცნებაა” ის ხელისუფლება, რომელმაც “ქრისტიანული ხელოვნება ნგრევისა და გაქრობის პირას მიიყვანა“.
როდესაც დეპუტატ მამუკა მდინარაძეს არც ერთხელ არ შეგიმჩნევია, სიტყვა არ დაგიძრავს, კითხვები არ დაგისვამს კულტურის მინისტრისთვის გელათში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ღვითსმშობლის ჩამოშლილ მოზაიკაზე, ჯვრის მონასტერში და გერგეტის სამებაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებ – „მართლმადიდებლური ქრისტიანობა – საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!“ -აი, უტიფრობა და სირცხვილია.
დიახ, არაფერია საქართველოში იმაზე მეტად სახელმწიფოებრივი და ქრისტიანული, ვიდრე ქართული ქრისტიანული ხელოვნება, რომელიც ნგრევის და გაქრობის პირას მიიყვანა ხელისუფლებამ და დღეს მაღალი პედესტალიდან გადმომდგარი მორალს გვიკითხავს”. – წერს დეა მეტრეველი.