მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ მეტ-ნაკლებად მოახერხა უკრაინის საექსპედიციო კორპუსის კურსკის ოლქის კიდევ უფრო სიღრმეში შეჭრის შეჩერება, უკრაინის გენშტაბი მაინც აგრძელებს შეტევითი ამოცანების დასმას თავისი დანაყოფებისთვის.
კურსკის ოლქში უკრაინელების საპასუხო შეჭრიდან მესამეს კვირის თავზე ყველაზე მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს კურსკის ოლქის სუჯა-კურსკის (სოფელ მარტინოვკასთან) და სუჯა-ლგოვის საავტომობილო ტრასებზე და რაც მთავარია, რაიონული ცენტრის კორენოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, საიდანაც იხსნება გასასვლელი ქალაქ რილსკისკენ.
ერთიანი ჩამოყალიბებული ფრონტის ხაზი, როგორც დონბასშია, კურსკის ოლქში არ არის.
ზოგჯერ რუსული ჩასაფრებები ამართლებს, რაზეც მეტყველებს უკრაინის არმიის აფეთქებული “ჰამვების”, “სტრაიკერებისა” და სხვა მსუბუქი ჯავშანტექნიკის ფოტო-ვიდეო კადრები, თუმცა უკრაინის გენშტაბს სხვა საშუალება მობილური ჯგუფებით სწრაფად შეტევისა არა აქვს, თავიდან სწორედაც ასფალტირებულ გზებზე სწრაფად მოძრავმა უკრაინისდროშიანმა ბორბლებიანმა ჯავშანტექნიკამ დიდი პანიკა დათესა რუსეთის კურსკის ოლქის როგორც მოსახლეობაში, ისე იმ რუს სამხედროებშიც, ვისაც ამ ტერიტორიის დაცვა ჰქონდათ ჩაბარებული.
რუსეთის კურსკში შეჭრის ოპერაციის მიზანს უკრაინის მხარე დღემდე არ ამხელს. ყველაფერი ისევ “ომის ბურუსითაა” მოცული, თუმცა ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს.
უკრაინელების მოულოდნელი რეიდი კურსკის ოლქში სადაზვერვო-დივერსიული რეიდებით დაიწყო და შემდეგ უკვე საერთო-საჯარისო ოპერაციაში გადაიზარდა. შესაბამისად, უკრაინის გენშტაბის საიდუმლო გეგმა ითვალისწინებდა რაც შეიძლება ღრმად შეჭრას კურსკის ოლქში, კურჩატოვში ატომური ელექტროსადგურის ბლოკირებას, ქალაქ კურსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხედრო აეროდრომის მწყობრიდან გამოყვანასა და იქვე მდებარე 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ინფრასტრუქტურის განადგურებას – სწორედ ამ ნაწილიდან წაყვანილმა და უკრაინის დონბასში მალულად შეყვანილმა რუსულმა “ბუკმა” 2014 წლის 17 ივლისს საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო მალაიზიური სამგზავრო “ბოინგი”, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
6 აგვისტოს დაწყებულმა მოულოდნელმა რეიდმა ნაყოფი გამოიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ გენერალ სირსკის მტკიცებით, 20 აგვისტოსთვის უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქში უკვე აკონტროლებდა 1 263 კვკმ ტერიტორიასა და 93 დასახლებულ პუნქტს.
თუმცა ის სავარაუდო საბრძოლო ამოცანა, რაც კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან, ასევე სამხედრო აეროდრომთან მიახლოებასა და ბლოკირებას ითვალისწინებდა, შეუსრულებელი დარჩა, რადგან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაჭირვებით, ნელა, მაგრამ მაინც მოახერხა უკრაინის საექსპედიციო კორპუსის კურსკის ოლქში კიდევ უფრო ღრმად შეჭრის შეჩერება.
სამაგიეროდ, უკრაინულმა დანაყოფებმა “განზე” დაიწყეს გასვლა და გააფართოეს საბრძოლო მოქმედებების ზონა სახელმწიფო საზღვრის პარალელურად. ამასთან, უკრაინელებმა დაიწყეს შეტევები კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონის სრულად გასაკონტროლებლად, რისთვისაც ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქეს სამი ხიდი მდინარე სეიმზე, რომელიც გლუშკოვოს ჩრდილოეთით გადის, რითაც გლუშკოვოსთან მოქმედ რუსულ დანაყოფებს ალყაში მოქცევის საშიშროება შეუქმნეს.
ეს სიტუაცია რაღაცით ჰგავს 2022 წლის 29 აგვისტოს დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევით ოპერაციას, რომლის მიზანი გახლდათ რუსი ოკუპანტების გაყრა ქალაქ ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, რაც წარმატებით დასრულდა იმავე წლის 9-11 ნოემბერს – რუსეთის გენშტაბმა ორ დღეში სასწრაფოდ გადაიყვანა თავისი დაჯგუფება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე და უკრაინელებმა უბრძოლველად დაიბრუნეს ქალაქი ხერსონი.
მაშინაც უკრაინელებმა ჯერ “ჰაიმარსების” ზუსტი სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონთან, მდინარე დნეპრზე გამავალი ანტონოვსკის საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ხიდები, რითაც მარჯვენა სანაპიროზე მყოფი რუსი ოკუპანტები მარცხენა სანაპიროს მოსწყვიტეს და მნიშვნელოვნად გაურთულეს ლოჯისტიკური უზრუნველყოფა.
სწორედ ეს, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე გახდა იმის მიზეზი, რომ კრემლი იძულებული გახდა მიეღო პუტინის პოლიტიკური იმიჯისთვის ძალზე დამაზიანებელი გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ორ დღეში სასწრაფოდ გამოეყვანა თავისი დაჯგუფება ახალ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის დამბის გავლით, რომელიც 2023 წლის ივნისში თავად რუსებმა ააფეთქეს.
კურსკის ოლქის გლუშკოვოსთან მდინარე სეიმზე ხიდების აფეთქებისთანავე რუსებმა დაიწყეს პონტონების გადება, რომლებსაც სათადარიგო გადასასვლელების როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა უკრაინულმა FPV-დრონებმა მაშინვე მასირებულად შეუტიეს საპონტონო დანაყოფების მანქანებს და, ფაქტობრივად, ჩაუშალეს პონტონების გახსნა რუს სამხედროებს.
სამი ხიდის მწყობრიდან გამოყვანა და პონტონების გაშლისთვის ოპერატიულად ხელის შეშლა გლუშკოვოს რაიონში თავდაცვით პოზიციებზე მყოფ რუსულ დაჯგუფებას ალყაში მოქცევის დიდ საფრთხეს უქმნის – სამხრეთიდან უტევს უკრაინის არმია, ჩრდილოეთით კი მდინარე სეიმზე აფეთქებულია ხიდები და ვერც პონტონების გაშლას ახერხებენ უკრაინული FPV-დრონების გამუდმებული საჰაერო შეტევების გამო, შესაბამისად, უკან დახევის საშუალება ესპობათ.
არადა, ზოგიერთი ინფორმაციით, გლუშკოვოსთან, მდინარე სეიმის ნაპირთან, 3-ათასიანი რუსული დაჯგუფებაა მომწყვდეული – ანუ იქმნება ხერსონის ოპერაციის მსგავსი ვითარება და თუ რუსეთის გენშტაბი ისევე მოიქცა და სანამ დროა, სასწრაფოდ არ დაიწყო თავისი დაჯგუფების ევაკუაცია მდინარე სეიმის მეორე ნაპირზე, მაშინ ეს მდინარე ერთგვარი გამყოფი ხაზი გახდება (როგორც დღეს ხერსონის ფრონტის მონაკვეთზეა), რომელსაც უკრაინის მხარე თავდაცვის ზღუდედ გადააქცევს და კიდევ დიდხანს შეძლებს კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაციას უკრაინული მიწების ოკუპაციის საპასუხოდ, ხოლო თუკი საქმე მოლაპარაკებამდე მივა, კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილით “სარფიანად” ვაჭრობა და “გაცვლა” შეიძლება.
სავაჭრო კი უკრაინულ მხარეს ბევრი რამ დაუგროვდა, რადგან რამდენადაც წარმატებით მიდის მისი საექსპედიციო კორპუსის საბრძოლო მოქმედებები აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე, იმდენად უკუსვლაა დონბასის ფრონტზე, პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე, რომლებსაც დაკარგვის საფრთხე რეალურად ემუქრება, რის შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს გზა გაეხსნებათ უკრაინის დასავლეთისკენ და უფრო მიუახლოვდებიან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს.
ასეთი რთული ოპერატიული სიტუაციის ფონზე უკრაინელები ცდილობენ გაეჯიბრონ რუსებს დრონების საბრძოლო გამოყენების რაოდენობაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო დროს გამოსდით კიდეც – უკრაინამ შორი მოქმედების კამიკაძე-დრონების გამოყენების რიცხვით უკვე გადააჭარბა რუსეთის “შაჰიდების” შესაძლებლობებს, რაზეც მეტყველებს რიგ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ძალზე შედეგიანი საჰაერო შეტევებიც, რასაც აეროდრომებზე საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობების აალება და აფეთქება მოჰყვა, დაზიანებულია და სრულად განადგურებულია ათზე მეტი ის რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც უკრაინულ ქალაქებზე კორექტირებად საავიაციო ბომბებს ყრიდნენ.
გასულ კვირას უკრაინულმა მხარემ ორი დიდი ხანძარი ააგიზგიზა რუსეთის ტერიტორიაზე – დონის როსტოვის ოლქში ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ აფეთქებული სტრატეგიული სარეზერვო ნავთობბაზის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა რუსეთმა ვერ შეძლო და სრულად დაიწვა 70-ზე მეტი დიდი საწვავის რეზერვუარი, მეორე შთამბეჭდავი აფეთქება კი ტამანის ნახევარკუნძულზე, საზღვაო პორტ “კავკაზში” მოხდა – უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტამ “ნეპტუნმა” ააფეთქა სარკინიგზო ბორანი, რომელზეც დიზელის საწვავით სავსე 30 სარკინიგზო ცისტერნა იდგა – 2 ათას ტონამდე საწვავის წვამ და აფეთქებამ საშინელი ნგრევა გამოიწვია პორტში, რითაც შეუძლებელი გახდა ანექსირებულ ყირიმში ბორნებით სარკინიგზო შემადგენლობის გადაყვანა, რაც გაართულებს ხერსონის ფრონტის ხაზზე მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო მასალითა და საწვავით მომარაგებას.
კვირის პალიტრა