რუსეთში, სმოლენსკის რეგიონში რეჟისორი და მწერალი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს. იგი სმოლენსკის რეგიონში რუსეთის შესახებ ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. გამოცემა Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ს სატელეფონო საუბრისას თავად რეჟისორმა უთხრა.
ნეკრასოვის თქმით, იგი 24 აგვისტოს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცრებმა დააკავეს. FSB-ს მტკიცებით, ფილმის გადაღებები კონკრეტული სპეცსამსახურის შენობის გვერდით მიმდინარეობდა, რაც რეჟისორის დაკავების მიზეზი გახდა.
ნეკრასოვი უცხოელებისთვის განკუთვნილ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც იგი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 90 დღეს დაჰყოფს. მის წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოში საქმე “არალეგალური პროფესიული საქმიანობის” მუხლით აღიძრა.
რეჟისორი რუსეთში, ლენინგრადში დაიბადა, თუმცა 1970-იან წლებში იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ამჟამად იგი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობას ფლობს. რუსეთში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი რეჟისორს უკვე დაუკავშირდა.
“მოსამართლემ მიიღო არაპროპორციული გადაწყვეტილება, რამაც მთავრობის ზოგიერთი წევრიც კი გააკვირვა. მათ თქვეს, რომ ყველაზე ცუდი ასეთ შემთხვევებში “ნებაყოფლობითი გაძევებაა” – უთხრა რეჟისორმა DW-ს.
გამოცემის ინფორმაციით, ნეკრასოვი შიშობს, რომ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრობის ვადას გაუხანგრძლივებენ. მან ასევე მოასწრო, ჟურნალისტისთვის ეთქვა, რომ იზოლატორში ცუდი პირობებია, თუმცა ამის შემდეგ მას ტელეფონი ჩამოართვეს.
ანდრეი ნეკრასოვი ავტორია 2010 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმისა Уроки Русского (რუსული გაკვეთილები), რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზეა. ფილმი ომის შესახებ რუსეთის ნარატივს აკრიტიკებს და კონფლიქტის მიმდინარეობისას რუსეთის მიერ მედიის მანიპულაციისა და პროპაგანდის შემთხვევებს ასახავს.
ნეკრასოვი ავტორია ასევე ფილმებისა Недоверие, 2008 (უნდობლობა), Акт Магнитского – За кулисами, 2016 (მაგნიტსკის აქტი – სცენის მიღმა) და სხვა.