ოცნება არჩევნების შეფასებას სამთავრობო არასამთავრობოებს მოამზადებინებს – გახარიას პარტია

გახარია-საქართველოსთვის შეფასებით, “სამთავრობო არასამთავრობოების დაფინანსებით, ქართული ოცნების მიზანია, კორუფციის მფარველობის დამატებითი მექანიზმები შექმნას, რომელიც მოგვიანებით არჩევნებზე დაკვირვების ფუნქციასაც შეითავსებს”. პარტია საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საგრანტო პროგრამა იქმნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვინც “ქართველი ხალხის ინტერესებს” ატარებს და “კეთილ საქმეს აკეთებს”.

“დღეს ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტები “ოცნების“ კორუფციას მფარველობს. “ოცნება“ კორუფციის მფარველობის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნის, რომლებიც თვალს დახუჭავენ ხელისუფლების ელიტურ, პოლიტიკურ კორუფციაზე და მოგვიანებით, ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევნების დაკვირვების ფუნქციასაც შეითავსებენ.

ხელისუფლებამ დღეს გაამჟღავნა დიდი ხნის განზრახვა, რომ არ აპირებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილის ობიექტური შეფასებების აღიარებას და არჩევნების ხელისუფლებისთვის მისაღებ შეფასებას სამთავრობო არასამთავრობოებს მოამზადებინებს” – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share