სასკოლო ასაკის დადგომისთანავე ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილისთვის ისეთი სკოლის შერჩევაა, სადაც ბავშვი კარგ და ხარისხიან განათლებას მიიღებს. ახლა სწორედ ეს პერიოდი დგას ქვეყანაში, ამიტომ საინტერესოა, რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის და სწავლის დონესთან რამდენად შესაბამისობაში მოდის კერძო სკოლებში არსებული გადასახადი.
სკოლის შერჩევისას ყველაზე დიდი ყურადღება საგანმანათლებო დაწესებულებაში არსებულ სწავლის დონეს და მასწავლებელთა კვალიფიკაციას ექცევა. ამის შემდგომ მშობლებისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში არის თუ არა სხვადასხვა დამატებითი წრე, როგორია ინფრასტრუქტურა და რა მდგომარეობაა სხვა ისეთი საკითხის მიმართულებით, რაც მოსწავლის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭიროა.
კერძო სკოლების კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ცოტაა, ვიდრე საჯაროში, ამიტომ მასწავლებელს თითოეული ბავშვისთვის მეტი დრო რჩება და სკოლის არჩევისას. საჯარო სკოლების კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ყველაზე ცოტა 25 ბავშვს შეადგენს და მასწავლებელს თითოეული მათგანისთვის არ ჰყოფნის საგაკვეთილო დრო. ასე, რომ მშობლებისთვის ეს განსხვავებაც მნიშვნელოვანია.
კერძო სკოლებში სწავლის დონესთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის კულტურულ და ფიზიკურ განვითარებას. ასეთ საგამანათლებლო დაწესებულებებში არსებობს დამატებითი წრეები და არჩევანიც დიდია: ცურვა, ხატვა, მუსიკა და სხვა. ზოგიერთი მშობლისთვის ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო ფორმაც, როდესაც არ უწევთ შვილის ყოველდღიურ ჩაცმულობაზე ფიქრი, ეს მათთვის ერთგვარი კომფორტია.
ინფრასტრუქტურა კერძო სკოლებში ბევრად განვითარებულია, მოწესრიგებულია კლასები, დერეფნები, საპირფარეშოები და უშუალოდ სასკოლო აღწურვილობა. ინფრასტრუქტურა განვითარებულია საჯარო სკოლების ნაწილშიც, თუმცა არა იმ დონეზე, როგორც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებშია.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლების ხარისხს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონეს. განსხვავება აქაც არსებობს, მაგრამ მშობლების ნაწილი საჯარო სკოლებში არსებული სწავლის დონის და მასწავლებელთა კვალიფიკაციის კმაყოფილები არიან. მშობლების ერთი ნაწილის განცხადებით, ხარისხიანი განათლების მიღება საჯარო სკოლაშიც არის შესაძლებელი და ბავშვის განვითარებისთვის საერთოდ არ არის საჭირო კერძო სკოლაში სიარული, თუმცა მშობლების მეორე ნაწილის თქმით, შესაძელობლობის პირობებში ბავშვს საჯარო სკოლაში არ ატარებდა.
საინტერესოა, როგორია ექსპერტების პოზიცია. სწორედ განსხვავებებზე ისაუბრა განათლების სფეროს სპეციალისტმა მუხრან გულიაშვილმა.
„ჩვენი ცენტრის მიერ რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩატარდა, თუ რა შედეგს დებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. მართალია, კერძო სკოლების რაოდენობა უფრო ცოტაა, ვიდრე საჯაროსი, მაგრამ პროცენტულად, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ვთქვათ, უნივერსიტეტში ჩარიცხულთა რაოდენობა, გრანტები, თითქმის თანაბარი იყო. ანუ, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შედეგი თითქმის თანაბარი შედეგი ჰქონდათ, პროცენტული შეფარდების მიხედვით, მაგრამ ელიტურ კერძო სკოლებს პროცენტულად ჩაბარების მაჩვენებელი უფრო მაღალი ჰქონდა, ვიდრე ელიტურ საჯარო სკოლებს.
სკოლებს შორის განსხვავება მშობლებმაც კარგად იციან, კერძო სკოლებში ინფრასტრუქტურა უფრო კარგია, სერვისებიც უფრო მეტია, მაგრამ თავად განათლების კუთხით, როგორც გითხარით, მონაცემები თითქმის თანაბარია.
რამდენიმე გამონაკლისი კერძო სკოლაა, სადაც სწავლის გადასახადი მართლაც ძალიან დიდია და ქართულ ბაზარს არ შეესაბამება. მშობლებს ამხელა გადასახადის გადახდა იმიტომ უღირთ, რომ არის საერთაშორისო სკოლები, რომლის სერთიფიკატითაც მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს ამერიკულ ან ევროპულ უნივერსიტეტში სწავლა. ეს არის ძირითადი მიზანი, თორემ განათლების კუთხით რაიმე დიდი განსხვავება არ არის. მასწავლებლებს რომ კითხოთ, საჯარო სკოლებში მუშაობა ურჩევნიათ, რადგან უფრო სტაბილურია, ზაფხულში ანაზღაურებას იღებენ და არ უწევთ 5 საათამდე მუშაობა. ასე, რომ მასწავლებლისთვის საჯარო სკოლა უფრო მიმზიდველია, ვიდრე კერძო”, – განუცხადა „რეზონანსს” მურხნა გულიაშვილმა.
2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კი კერძო სკოლა, მათგან 145 თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ფუნქციონირებს.
კერძო სკოლებში სწავლის საფასური ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად განსხვავებულია და თითქმის 50%-ში სწავლის საფასური 3 500 ლარზე მეტს შეადგენს.
გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე იაფი ღირს: ბაქსვუდის სკოლა – 11 900 ლარი, ვალდორფის სკოლა – 4 500 ლარი, მწვანე სკოლა – სწავლის ღირებულება 1-7-კლასამდე 6 900 ლარს შეადგენს, ხოლო 7-12 კლასებში 7 900 ლარი ღირს, იუჯი სკოლა – წლიური გადასახადი აქ 13 000 ლარს შეადგენს, ნიუტონის თავისუფალი სკოლა – სწავლის საფასური 1-5 კლასების ჩათვლით 4 500 ევროს ექვივალენტია ლარში, 6-8 კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში, 9-10 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5 500 ევროს, ხოლო 11-12 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 6 000 ევროს ექვივალენტს ლარში.
განათლების კიდევ ერთი ექსპერტის ზურაბ ვახანიას განცხადებით, მშობლები ფულს იმისთვის იხდიან, რომ მათი შვილი იყოს პრესტიჟულ წრეში.
„როგორც წესი, კერძო სკოლების კლასებში უფრო ნაკლები მოსწავლეა, ვიდრე საჯარო სკოლების კლასებში. ზოგგან ბავშვებთან დამატებით უფრო მეტს მუშაობენ და ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა კერძო სკოლაში ასე არ ხდება.
რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, კერძო სკოლების პედაგოგთა პროფესიონალიზმი არათუ არ განსხვავდება, არამედ პირიქით მათი ცოდნის დონე საშუალოა. ზოგიერთ საჯარო სკოლაში უკეთესი მასწავლებლები ჰყავთ, ზოგგან უარესი. დასკვნის სახით, ვერ გეტყვით იმას, რომ საჯაროსთან შედარებით, კერძო სკოლებში საგრძნობლად კვალიფიკაციური მასწავლებლები ჰყავთ.
საერთოდ, ჩემი აზრით, კერძო სკოლებში არსებული გადასახადი არ არის სწავლებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურისთვის, სპორტული მოედნებისთვის, საცურაო აუზებისთვის, კომპიუტერული ტექნიკისთვის, კომფორტისთვის, კვებისთვის, დაცვისთვის და ა.შ. მშობლები ფულს არა სწავლების ხარისხში, არამედ იმისთვის იხდიან, რომ ბავშვი იყოს პრესტიჟულ წრეში”, – განუცხადა „რეზონანსს” ზურაბ ვახანიამ.
როგორც კერძო სკოლა „შავნაბადას” დამფუძნებლმა და კერძო სკოლების ასოციაციის გამგეობის წევრმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში სწავლის ღირებულება საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა. გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პედაგოგებისთვის ხელფასების მატება გახდა.
„ჩვენ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 10%-ით და ასეა სხვა სკოლებზეც, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდაა. კერძო სკოლებს მოგვიწია ხელფასები გაგვეზარდა, სახელმწიფო კერძო სკოლების პირდაპირი კონკურენტია. სახელმწიფოში არსებობს საჯარო სკოლების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება, ხოლო კერძო სკოლების მიმართ ეს ნაკლებად იგრძნობა. ამიტომ ღიად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ღია კონკურენციაში ვიმყოფებით ამ სექტორთან. მოგვიწია სახელფასო პოლიტიკის გადახედვა, ამასთან იმატებს სხვადასხვა სერვისზე ფასები, რაც ავტომატურად იწვევს მომხმარებლისთვის ფასის ზრდას”, – განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.