ამერიკის ხმა: აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პაკეტი შეიმუშავა

აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის ხმას აშშ-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა.

ანონიმური წყაროების ცნობით, სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”. – უთხრა აშშ-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა ამერიკის ხმას ანონიმურობის დაცვით.

წყაროს ცნობით, სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება. მისი განმარტებით, განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები, რომ მასში მოხვდნენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში […] არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლო იქნება”.

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

ამერიკის ხმასთან საუბარში აშშ-ს ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობას სანქციების პაკეტი “უკვე მომზადებული აქვს და მზად არის მიიღოს ის”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად როდის ამოქმედდება სანქციები, თუმცა, ამერიკის ხმასთან საუბარში, წყარო აზუსტებს, რომ ამ “დრომდე ეს განიხილებოდა, ახლა კი სანქციების პაკეტი განსახორციელებლად მზად არის”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share