პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ცნობით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც. იმის შესახებ, რომ მისი შვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან, Facebook-ზე წერა პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილიც.
„ჩვენ (2 შვილი დარეჯანი და მე) ვართ საკონსულო აღრიცხვაზე. ოღონდ მე მარტო ვარ ცესკოს სიაში. განაცხადი შევიტანე“, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.
ადმინისტრაციის განცხადებით, მათ საქართველოს მოქალაქეობის დამდასტურებელი მოქმედი დოკუმენტებიც აქვთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ცესკოს დაუკავშირდა. როგორც ცესკოში განგვიცხადეს, იმის დასადგენად, თუ რატომ არ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, აღნიშნულმა ადამიანები ცესკოს უნდა დაუკავშირდნენ.
ბოლო რამდენიმე დღეა საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის.
“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.
მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.