ხმის უფლების გარეშე დარჩენილი ემიგრანტები – პრეზიდენტი ცესკოს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს. მხოლოდ 60 უბანი 100 ათასობით უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის. აღმოჩნდა, რომ ვინც გაიარა რეგისტრაცია, მათი ნაწილი საარჩევნო სიებში მაინც ვერ მოხვდა. მათ შორის პრეზიდენტის ოჯახიც. სალომე ზურაბიშვილის შვილი და ძმისშვილები ცესკოსთვის გადაცემულ სიებში ამ დრომდე არ არიან.
ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე ერთი თვის წინ დადგა და დიპლომატიური სამსახურიდან დასტურიც მიიღო, თუმცა ახლა გაირკვა, რომ არც ის და არც მისი ბიძაშვილები სიაში არ არიან. “არ შეშინდეთ, მოდით არჩევნებზე” – პრეზიდენტის ძმა უცხოეთში მყოფ ქართველებს მიმართავს. ოთარ ზურაბიშვილი მზად არის, პირადად დაეხმაროს ყველას, ვისაც საკონსულოები პრობლემებს შეუქმნიან.