„სამოყვარულო თევზაობის კლუბების რიცხვი სულ უფრო იზრდება და მეტი ადამიანი ინტერესდება. ამასთანავე, თევზაობა ბევრად მიმზიდველი და ორგანიზებული ხდება“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თევზაობას ბევრი ადამიანი დასვენების და სტრესისგან განთავისუფლებისთვის მიზნით მიმართავს.როგორც ტყემალაძემ განმარტა, ბოლო წლებში ბრაკონიერობა შემცირდა, რაც თევზის გამრავლებაზე დადებითად აისახა. ამას კი თან უნდა ერთვოდეს მეთევზე მეურნეობეების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
„აღსანიშნავია, რომ ბრაკონიერობა შემცირდა, რაც დაეტყო ყველაფერს, მათ შორის მდინარეებში თევზის რაოდენობას და თევჭერის მაჩვენებელს. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ მეთევზე მეურნეობებს, რათა მოაწყონ ან გააფართოვონ სათევზაო ადგილები. ამით ბიომრავალფეროვნებაც დაცული იქნება და თევზაობის მიმართულებით უკეთესი შედეგები გვექნება“, – აღნიშნა თემურ ტყემალაძემ.
მისი თქმით, მეთევზეობა საუკეთესოდ არის განვითარებული ნორვეგიაში, სადაც ეს ტურიზმის სახეობად იქცა. ასეთი მიმართულებით განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს საქართველოსაც და ამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა.„თევზჭერის საუკეთესო მაგალითად ნორგვეგია ითვლება, რომელსაც ეს სფერო განუვითარებელი ჰქონდა წლების წინ, მაგრამ იზრუნეს შესაბამისი სივრცეების და ინფრასტრუქტურის შექმნაზე. დღეს კი აქვთ დიდი მოცულობით წარმოება და თევზაობაც, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება, საკმაოდ განვითარებულია.
ჩვენს მდინარეებს ძალიან კარგი პოტენციალი აქვს იმის, რომ სწორედ მოვახდინოთ როგორც თევზის წარმოება, ისე მეთევზეობის პოპულარულობის გაზრდა და განვითარება. გვაქვს მთის მდინარეების კალმახი, მტკვრის ლოქო, ჭანარი თუ სხვა სახეობები. რაც მეტი მდინარე იქნება დაცული, მით უფრო დიდი იქნება აღწარმოება.შესაბამისად, უნდა განვავითაროთ მონადირეობა-მეთევზეობა. ამ კუთხით უცხოელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანები არიან და უნდა ვიმუშაოთ ამაზე“,- განაცხადა თემურ ტყემალაძემ.
რაც შეეხება თევზაობისთვის გადასახადის დაწესების იდეას, იგი განმარტავს, რომ უკვე არსებობს ამაზე ფიქრის საფუძველი. დამატებით შეგროვებული თანხები კი იქთიოფაუნაზე ზრუნვას მოხმარდება.
„სხვათაშორის ეს საკითხი მოსაგვარებელია. ნელ-ნელა უკვე შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ. აქამდე რისთვის უნდა გადაეხადათ თანხა, როცა მდინარეები ფაქტობრივად, ამოცლილი იყო და ანკესს რომ ჩააგდებდი არ იცოდი, რა გამოჰყვებოდა. ახლა კი თევზის რაოდენობაც გაზრდილია და ინტერესიც თევზაობის მიმართ.
ამიტომ, ვფიქრობ, უნდა იყოს განსაზღვრული, გონივრული თანხა გადასახდელი, რომელიც კვლავ გარემოს დაცვას და ამ სფეროს მოწესრიგება განვითარებას მოხმარდება. მაგალითად, წელიწადში 20, 30 ან 50 ლარი, ერთჯერადად გადასახდელი და საკმაო თანხა შეგროვდება, რადგან ათი ათასობით ადამიანია დაინტერესებული. ამ გადასახადის დაწესება უკვე ბიუჯეტს დაეტყობა და ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება“,- აღნიშნა თემურ ტყემალაძემ.