“ბიძინა ივანიშვილი თავის შვილებს ჯოჯოხეთს უწყობს” – ასე ეხმაურება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე “დროების” ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე შაჰაბასსა და აღა მაჰმად ხანს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, რაც სანიკიძის განმარტებით, ივანიშვილის უწიგნურობაზე მიუთითებს.
”გაბოროტებულ ადამიანს ბევრს ნახავ, რაღაც არ გამოუვიდა, ვიღაცამ გაამწარა, ვიღაცამ უსამართლოდ დასაჯა და გაბოროტდა, მაგრამ დაბადებით ბოროტი იშვიათია ძალიან. შხამით, რომ იბადება. აი ეს შხამით დაიბადა. შვილებს, რას უშვრება… შაჰაბასს და აღა მაჰმად ხანს ვერ არჩევს, უწიგნურია. ინსტინქტია ნებისმიერი მამრის, დაიცვას მისი შვილი. ეს ჯოჯოხეთს უწყობს თავის შვილებს, ეს რა კაცია ამის მერე უკან დაიხევს და ანგელოზი დააჯდება ბეჭზე”, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
ცნობისთვის, “დროების” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
წყაროს თანახმად, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.