საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა.
– ბატონო ვახუშტი, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს. პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომებზე ზურაბიშვილს, არანაკლებ ასი ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.“
მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გასულ კვირას მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“. სამართლებრივად თქვენ როგორ შეაფასებდით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყებას?
– სამართლებრივად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება შესაძლებელია. ტექნიკური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები იმისთვის რომ ეს პროცესი დაიწყოს. იურიდიული თვალსაზრისთ აქ პრობლემები არ არის.
რაც შეეხება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას შემდეგი მოწვევის პარლამენტში აპირებს. „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მხარდაჭერას მაქსიმალურად იმიტომაც ითხოვს, რომ შემდეგ პარლამენტში მათ ჰქონდეთ არა ნაკლებ 100 მანდატისა.
– მმართველი გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ევროკავშირის ქვეყნებში. არადა, ვიცით, რომ პრეზიდენტი ევროპაში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ლობირებდა.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად საქართველოს მიზანია ქვეყნის
როგორც ჩანს, პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, მაგრამ ვითარებაში, როცა ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებული აქვს, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ევროპაში ლობირება მაინც შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად?
– თუ პროცესი ისე წავა, როგორც წინა შემთხვევაში წავიდა და პრეზიდენტმა იგივე არგუმენტები წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში, ევროპაში განხორციელებული შეხვედრების თემატიკასთან დაკავშირებით, მაშინ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
ასეა, მიუხედავად იმისა, ევროპულ ინტეგრაციის საკითხებში მთავრობა რას აკეთებს. რაზე გასცემენ, ან არ გასცემენ პრეზიდენტის ევროპულ ვიზიტებთან დაკავშირებით თანხმობას. ასევე ამა თუ იმ საკითხში მთავრობის ქმედება ქმედითი იყო თუ არა, კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან გამომდინარე.
– ხელისუფლების მმართველი გუნდი ხშირად და საკმაოდ ბევრს საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციური სპექტრი რევოლუციისა და გადატრიალებისთვის ემზადება.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, ვითარებაში როცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონს ეხება, საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო გადატრიალება უკვე მომხდარია. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?
– როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება დრო. იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად ნაბიჯებს არ დგამს.
მანამ, სანამ კანონის ცხოვრებაში გატარება არ დაუწყია იუსტიციის სამინისტროს, მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაგვიანებაში, მე მნიშვნელოვან და გარდამტეხ პრობლემას ვერ ვხედავ.
თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ აქ არავითარი პრობლემა არ ჩანს. მთავრობა ამ დრომდე ელოდა საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, შესაძლოა, ხვალიდან აღარ დაელოდოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ დრომდე ელოდა.
– „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაზე განაცხადა – „თვითნებობის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი“. მისივე თქმით, – „პრეზიდენტი უკვე, გარკვეულ წილად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა“.
ამ თემის კომენტირებისას მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა – „ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანის „გადაგდება“ და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა“.
იმის გამო, რომ მმართველმა გუნდის გამო გაურკვეველი გახადა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რაზეც ღიად საუბრობენ საქართველოს ევროპელი პარტნიორები, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ თავად არღვევს კონსტიტუციას?
– ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომელიც ყველა სახელისუფლებო ორგანოს ავალებს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო მიზნებისთვის მიმართული რიტორიკა, რომლის მიზანია არჩევნებისთვის მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზება.
„ქართული ოცნება“ ამბობს – ჩვენ პრეზიდენტის გადასაყენებლად გვჭირდება 100 მანდატი, ამიტომ მოდით არჩევნებზე და მოგვეცით ხმა. შესაძლოა, ამის მოტივი იყოს პრეზიდენტის დასჯაც, მაგრამ, მთავარი მაინც ის მგონია, რომ პრეზიდენტზე შეტევით „ქართული ოცნებას“ არჩევნებისთვის ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება სურს.
– პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების თემაზე მმართველმა გუნდმა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები იმაზე, სავარაუდო, ვინ შეიძლება იყოს მომავალი პრემიერი და ვინ შეიძლება იყვნენ ტექნიკური მთავრობის წევრები.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემის გააქტიურების მიზეზი რამდენად შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციურ ჯგუფებთან დაიწყო კონსულტაციები მომავალი მთავრობის შემადგენლობაზე?
– არა, არ მგონია რომ ეს მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. მთავარია არჩევნებისთვის ამომრჩევლის მობილიზება.
ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
– როგორ შეაფასებდით ტექნიკურ მთავრობაზე გახშირებულ საუბრებსა და გეგმებს?
– ზოგადად, მე არ მომწონს ტექნიკური მთავრობის იდეა, მაგრამ, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ტექნიკური მთავრობა კარგი გამოსავალია, ეს არის შესაძლებლობა ოპოზიცია შეთანხმდეს საერთო კანდიდატებზე, არც ერთი მათგანი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება და შემდეგ გატარდეს რეფორმები, რომლის შემდეგაც ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უკვე ჩატარდება ნორმალურ და სამართლიან გარემოში.
და ამის შემდეგ პარტიები იმოქმედებენ საკუთარი ხედვების შესაბამისად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი