რუსეთმა კურსკთან ჩრდ. კორეელების ბატალიონი განალაგა, რომლისგანაც 18 უკვე გაიქცა

რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე “ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი” შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

როგორც Ukrainska Pravda წერს, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების გაქცევის მიზეზები უცნობია, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი ძებნა უკვე დაიწყეს. ამასთანავე, რუსები ცდილობენ, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ მაღალი თანამდებობის პირებამდე ვერ მიაღწიოს.

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ბატალიონის წევრთა რაოდენობა 3,000-მდეა და იგი რუსეთის მიერ კურსკის ოლქში, მათ შორის, ქალაქ სუჯასთან საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება გამოყენებული.

გუშინ, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share