საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ უიზი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.
ამერიკელი კონგრესმენები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, რომ ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი ვალდებულება შეასრულოს და 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს.
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ავტორიტარული ტრაექტორია საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.
”ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.