ბიძინა ივანიშვილმა დაჯავშნული მინა მარტო თავისთვის არ შემოირტყა. რთულად შესაღწევ, თითქმის გაუმტარ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ სივრცეში მოაქცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.
წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მიდის: აუდიტორიების იზოლაცია. ე.წ. ბაბლების გამიჯვნა, შემოსაზღვრა, ინფორმაციული კომფორტი და ალგორითმული მანიპულირება.
მაშინ როცა რეალობა შენს წინააღმდეგაა, დემოკრატიული სამყარო, ყველა დასავლელი ლიდერი შენს მთავრობას და რუსეთისკენ აღებულ გეზს აკრიტიკებს – თითქოს შეუძლებელია, რომ ამ ინფორმაციის მიმღები ადამიანი ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნების პირობებში ევროკავშირის წევრობაზე ფიქრობდეს.
საქმეც ზუსტად ამაშია – ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული საუკუნის ისეთ ტექნოლოგიურ ფაზაში, როდესაც ნახევრად ავტორიტარული ხელისუფლების პირობებშიც კი შეგიძლია და აწესებ საზღვრებს და ქმნი ინფორმაციულ მიკროკლიმატს.
მარტივად რომ ვთქვათ: სამიზნე ჯგუფების შინაგანი მოთხოვნილებიდან, ძველი პოლიტიკური პრეფერენციიდან, თუ კონიუნქტურული ინტერესის მორალური გამართლების სურვილიდან გამომდინარე – ,,საინფორმაციო კლიმატკონტროლს“ ისეთ მაჩვენებლებზე აყენებ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ. მიუხედავად იმისა გარეთ, ანუ რეალურ სამყაროში რა ხდება და როგორი ამინდია.
ამ იზოლირებულ და დაჯავშნულ სივრცეში განსხვავებული აზრი, მით უმეტეს დიდი დოზით ვერ აღწევს. იქ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაზეც დიდი ხანია აზრი ჩამოყალიბებული აქვს და ერთადერთ იმპერატივად მიაჩნია, ან ასე აწყობს.
ადრე ასე არ იყო.. პირადად ჩემი და ჩვენი საერთო გამოცდილებით შემიძლია შეგახსენოთ: – ძველი ,,იმედის“ დროს, ჩვენს მიერ მომზადებულ გადაცემებს: ,,დროებას,“ ტოქშოუებს, საინფორმაციო გამოშვებებსაც კი უყურებდა ყველა – მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგე და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მომხრეც და ისე გამოჰქონდათ დასკვნები.
დიდწილად ამას ისიც განაპირობებდა, რომ კრიტიკულ არხზე, ინტერვიუებსა და დებატებში, მცირე გამონაკლისის გარდა, ყოველთვის იყვნენ წარმოდგენილები მმართველი პოლიტიკური ძალის სპიკერები. რაც ქმნიდა რეალური პლურალიზმის გარემოს. აჩენდა დემოკრატიული დისკუსიის განცდას, პროცესის მიმართ ინტერესს და ყურადღებას, შესაბამისად ზრდიდა ხელისუფლების მიმართ სიმპათიით განწყობილი აუდიტორიის ჩართულობის ხარისხს კრიტიკული არხების სამაუწყებლო არეალში. იგივე ხდებოდა პირიქითაც – მედიის პოლიტიკური პრეფერენციებით განსხვავებულ ნაწილში. მოგვიანებით ეს რეალობა უარესობისკენ შეიცვალა. თუმცა დღევანდელობას დავუბრუნდეთ.
მოკლედ რომ ვთქვათ: – ხელისუფლების მიმართ დადებითად და კრიტიკულად განწყობილ აუდიტორიებს მედიასივრცეში ერთმანეთთან პირდაპირი შეხება ჰქონდათ და ეს არ იყო ერთმანეთისგან ინფორმაციულად აბსოლუტურად იზოლირებული, სტერილური საზოგადოებები, ეს იყო ჭრელი, მაგრამ ერთიანი საზოგადოება პოლარიზაციის ნიშნებით.
დღეს გვაქვს სხვადასხვა პროპორციის, მაგრამ თითქოს ორი სხვადასხვა ქვეყანა, ორი სრულიად განსხვავებული ,,რეალობით“, იმდენად განსხვავებულით, რომ მათი გადაკვეთა წარმოუდგენლად მოჩანს. რეალობისგან გაუცხოების ეს ხარისხი ჩვენს ისტორიას არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ციფრულ ეპოქაში, ინფორმაციის აბსოლუტური ხელმისაწვდომობის ეპოქაში ვცხოვრობთ.
დღეს, ეგრეთწოდებული კრიტიკული საინფორმაციო ველიდან – ხელისუფლების მიერ მონოპოლიზებულ და იზოლირებულ პროპაგანდისტულ სივრცეში შეღწევის შანსები, განსაკუთრებით რეგიონებში, მკვეთრად ლიმიტირებულია. თუმცა ქალაქებზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ.
ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათი ჩამოთვლა და ანალიზი ბევრ დროს წაიღებს. ეს შეიძლება იყოს პირველადი პოლიტიკური პრეფერენცია – სასურველის რეალობად მიღების ადამიანური ცდუნება, ან სატელევიზიო მარკეტინგული უპირატესობების გამოყენება, სახელისუფლებო რესურსების გამოყენებითა და ბაზრისთვის სრულიად არაადეკვატურად დიდი ფულით უზრუნველყოფილი სატელევიზიო მენიუ, რომელიც თითქოს სრულად გიკმაყოფილებს მოთხოვნილებას. თან ერთობი და თან საინფორმაციოს ხმაც ჩაგესმის ყურში, მერე რა რომ ის, რბილად რომ ვთქვათ უკიდურესად დეფორმირებულ რეალობას ასახავს და წლების განმავლობაში, წვეთ-წვეთად რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით გჟღენთავს.
შედეგად მივიღეთ სრულიად იზოლირებული აუდიტორიები, რომელთაც ერთმანეთთან საინფორმაციო გადაკვეთა თითქმის არ აქვთ. თითქოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა და გრძელდება ისეთ სივრცეშიც, რომელიც თითქოს ტელევიზიებზე უფრო მეტად დემოკრატიული უნდა ყოფილიყო. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში ყველაზე მაღალი მოხმარების ფეისბუქში. ხელისუფლებას აქტიური ინტერვენციაც კი არ ჭირდება, თავად ალგორითმი განსაზღვრავს შენს მიერ ნანახი, მოწონებული გვერდების, კონტენტის, თუ მოსაზრებების კიდევ უფრო დიდი სიხშირით შემოთავაზებას. ისევე, როგორც აიშვიათებს შენს მიერ დაწუნებული ინფორმაციული, თუ შეფასებითი კონტენტის შენამდე მოღწევის სიხშირეს.
რომ შევაჯამოთ: ედისონის კვლევებში ამოსული ის 31-32 %, რომელიც ოცნებას იწონებს და ფეხს არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლოგიკური წინაპირობა არსებობს ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად კლებისთვის, დიდწილად განპირობებულია სწორედ ზემოთაღწერილ, ივანიშვილის მიერ შექმნილ, ჯავშანშემოვლებულ მიკრო კლიმატში არსებული რეალობის რთულად შეღწევადობით.
ეს ადამიანები უყურებენ მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს: – იმედს, რუსთავი 2-ს, პოსტივის. ძირითადად – მილიონებად ღირებულ მეგა შოუებს, უძვირეს და კრიტიკული არხებისთვის ხელმიუწვდომელ თურქულ, რეიტინგულ სერიალებს, რომელშიც სენდვიჩივით არის ჩაფენილი ეგრეთწოდებული ინფორმაცია, სინამდვილეში ტოქსიკური პროპაგანდა, რომელიც წლების განმავლობაში თავის საქმეს აკეთებს.
ამ ადამიანების დიდ ნაწილს მართლა სჯერა, რომ სადღაც არსებობს იატაკქვეშა მსოფლიოს დირექტორატი, გლობალური ომის პარტია, რომელიც არეულობას და დესტაბილიზაციას თესავს. რომ პუტინი და მისი რეჟიმი ამ შეთქმულების მსხვერპლია, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილი – საქართველო ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული, რომ ოცნების გამორჩეულად კორუმპირებული რეჟიმის პირობებში ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კი არ ღატაკდება და ქვეყანას ტოვებს, არამედ მსოფლიოს რეიტინგებში პირველ ადგილებზე ვართ ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლით და ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ, რომ ეს არჩევნები გვაქვს გადასაგორებელი – მერე ტრამპი გაიმარჯვებს, მისი მონა ევროპა ხმას ჩაიგდებს და ივანიშვილი, გარუსებულ საქართველოს, ორბანის მეშვეობით ევროკავშირში მაინც გააწევრებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მათსავით ფიქრობს და მტკიცება იმისა, რომ ქვეყანას და მის ხალხს ივანიშვილის ტყუილები მობეზრდა, მისი ქცევის გამო მთელი ერი შეურაცხყოფილია და ცივილიზებულ სამყაროში თავლაფდასხმული დასხმული – ეს კრიტიკული არხების მიერ ხელოვნურად კონსტრუირებული რეალობაა და ასე მოფიქრალი ადამიანები დასავლეთის აგენტურას წარმოადგენს და მკვეთრ უმცირესობაში არიან.
ერთადერთი მეთოდი და საშუალება, რომელიც ასეთ ფანატიზმამდე მისულ რწმენას არყევს და მეტიც, მთლიანად ანგრევს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რეალური განწყობისა და ნების მასობრივი, ერთობლივი, თვალსაჩინო დემონსტრირებაა. მხოლოდ ეს დააფიქრებს, მხოლოდ ეს გაუჩენს ეჭვს და აიძულებს იზოლირებულ პროპაგანდისტულ მიკროკლიმატში უნებლიედ მოხვედრილ ჩვენს თანამოქალაქეებს რეალობას კრიტიკული თვალით შეხედონ, დაეჭვდნენ ივანიშვილის მიერ თავს მოხვეულ, დეზინფორმაციით გაჯერებული ჰაერის მომწამვლელ ბუნებაში და მათი მომავლის არჩევანი გააკეთონ.
ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გარღვევის ტოლფასი მოვლენა იყო გაზაფხულზე, დედაქალაქის და არა მარტო თბილისის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოსული ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის სურათს. და ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთივე და კიდევ უფრო გადამწყვეტი გავლენა ექნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველების ევროპულ მარშს და მის მასშტაბებს.
ეს ის შემთხვევაა, როცა პროპაგანდისტების მანიპულირებულ მიკროკლიმატში სხვა მედიის საშუალებით კი არ აღწევ, შენი ქალაქის, საკუთარი სახლის ფანჯრიდან, საკუთარი თვალით ხედავ, აწყდები და ეჯახები რეალობას. ეს ის შემთხვევაა როცა იმედის დრონიდან გადაღებული კადრიც კი ვერ ამცირებს და აპატარავებს მასშტაბს საერთო ეროვნული ტალღისა, ეს ის შემთხვევაა, როცა რეალობა გარდაუვალად ჯაბნის წლების განმავლობაში კონსტრუირებულ ილუზორულ სამყაროს, ეს ის შემთხვევაა, როცა შენს საკუთარ თვალებს და საკუთარ თავს ვეღარ დაემალები, ეს ის შემთხვევა როცა დასკვნები ბიძინას ბლუკუნზე კი არა – რეალობაზე დაყრდნობით უნდა გამოიტანო.
ალბათ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლის შემდეგ, არცერთ მასობრივ დემონსტრაციას არ ქონია ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც 20 ოქტომბრის ევროპულ მარშს. ეს იქნება არა მარტო ჩვენი ეროვნული გზავნილი საქართველოს ევროპული მომავლისკენ, არამედ ეს არის ალბათ ერთადერთი და ყველაზე ეფექტური შანსი და შესაძლებლობა ივანიშვილის იდეოლოგიური ტერორის ქვეშ მყოფ ჩვენსავე მოქალაქეებს რეალობაში დაბრუნების და თავისივე უკეთესი მომავლის განსაზღვრის საშუალება მიეცეთ.
და კიდევ ერთი: – 20 ოქტომბრის საერთო ეროვნული, სახალხო მანიფესტაციის მასშტაბი და ენერგია იქნება პირდაპირი პასუხი ბიძინა ივანიშვილის განზრახვასა და საჯაროდ გამოხატულ მოლოდინზე – 20 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ – დავიღალეთ თუ არა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში?! გამართლდა თუ არა ივანიშვილის და მისი მოსკოველი გულშემატკივრების მოლოდინები მათ მიერ განსაზღვრულ ბედთან ქართველი ხალხის შეგუების.
კვირის შეკრება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოჰყვება, უნდა გახდეს წინმდევი წმინდა ილია მართლის მიერ შთამომავლობისთვის ანდერძად დატოვებული დარიგების აღსრულებისა: ,,ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა!”
ქართველი ერის ბედს თავად ხალხი ჭედს და არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ თავსმოხვეული ინტელექტუალური და მორალური დეგრადაცია!