ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას აპირებენ, რომ მისი ქმედებები ბლოკში ქვეყნის გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის. 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ბლოკის “მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე”, თუმცა ასევე განმეორებით ისაუბრებენ იმ “სერიოზულ შეშფოთებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და არჩეული კურსის შესახებ არსებობს”.
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო დრო მიღებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, ევროკავშირის მთავარი შეშფოთების და საქართველოსთან შექმნილი დაძაბულობის მიზეზია.
“ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ ე.წ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახის ღირებულებების და უმცირესობების კანონის, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების უკან გაწვევის გარეშე, ჩვენს ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება”, – აცხადებს მაკკალისტერი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში რუსეთის გავლენების ზრდის გამო წუხილს გამოთქვამს.
“ევროპარლამენტი ნამდვილად გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდის გამო, მათ შორის, გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო, რუსეთსა და საქართველოს შორის. ასევე მზადყოფნის გამო, [საქართველომ] განაგრძოს რუსეთთან შერიგება, მიუხედავად რუსეთის ომისა უკრაინაში და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციისა. ეს ნამდვილად გასაოცარია”.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს არჩევნები ბევრ რამეს გადაწყვეტს:
“საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. მჯერა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავლის შანსი”, – ამბობს მაკკალისტერი.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” აკისრებს პასუხისმგებლობას.
“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან”,- ამბობს იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის განცხადებები არა მარტო აზიანებს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებს, არამედ უნისონშია კრემლის პროპაგანდასთანაც:
“[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები, ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან . ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა”, – განმარტავს ევროპარლამენტის წევრი “ამერიკის ხმასთან”.