რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შემთხვევის განხილვა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავენ და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ურეკავენ.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჩაიწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი რომელიმე პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.

იურისტ ირმა პავლიაშვილის შეფასებით, შესაძლოა საქმე გვქონდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, რაც გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას.

ჟურნალისტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2024 წლის 9 ოქტომბერს მიმართა და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

„თქვენი განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში, სამსახური სათანადო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისაგან უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას და ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული ყველა სხვა აუცილებელი ღონისძიების გატარებას,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან ჟურნალისტმა მიიღო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share