ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრის დასაწყისიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად 4-4 საათით შეეზღუდება. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კომპანია Черноморэнерго-ს აღმასრულებელ დირექტორზე, თემურ ჯინჯოლიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ამჟამად აფხაზეთს 260 კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ამასთან დაკავშირებით კომპანია Интер РАО-სთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომ 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მივიღოთ (60 მლნ. ნოემბერში და 120 მლნ. დეკემბერში). იმისათვის, რომ როგორმე არსებული დეფიციტი დაიფაროს, ნოემბრის დასაწყისიდან რესპუბლიკის მასშტაბით ელექტროენერგიის 4-საათიანი შეზღუდვები დაწესდება”, – ეუბნება TACC-ს ჯინჯოლია.
ჯინჯოლიას თქმით, ელექტროენერგიისთვის მოსახლეობა კომერციულ ფასს გადაიხდის, ვინაიდან ეს “საჯარო სახის მომსახურება არ არის”.
ჯინჯოლიას ცნობითვე, მოვლენების განვითარება ენგურჰესში წყლის დონეზე და სადგურის შესაძლებლობებზეცაა დამოკიდებული.
ამჟამად, ენგურჰესი ერთადერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც აფხაზეთს ელექტროენერგიით ამარაგებს.