„საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია“ – კარდინი არჩევნებზე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებელია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაგდებითა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით  ჩაიარა.

“ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა”, – ვკითუხლობთ ბენ კარდინის განცხადებაში.

კარდინი ამბობს, რომ ის პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგსა და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება განსაზღვროს.

“საქართველო ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ღრმა ინტეგრაციისკენ დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და NATO. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში”, – აღნიშნულია კარდინის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share