სიმართლე სინათლეა – თელავის სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხოჭუას გადაწყვეტილებაზე

“სიმართლე სინათლეა” – ამ აღწერით აზიარებს თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხოჭუას გადაწყვეტილებას.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

“სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

30 ოქტომბერს საიამ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს დაიწყო, პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.

3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა – დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share