„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე.
გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის სპეციალურად მოწყობილ საკლასო ოთახში შედგა, რომელსაც პედაგოგები, მშობლები და უფროსკლასელებიც ესწრებოდნენ.
„ბავშვებისთვის და სკოლის საზოგადოებისთვის ბიზნესის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად აძლიერებს იმ აქტივობებსა და ინიციატივებს, რაც მათთვის სასარგებლო და განვითარებაზე ორიენტირებულია. როცა ბიზნესიც გვერდით უდგება მშობლებსა და სკოლებს, ეს არა მარტო მატერიალურ მხარდაჭერას ნიშნავს, არამედ ზრუნვასა და ერთიანობას – ის გვახსენებს, რომ ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ და თითოეული ბავშვის კეთილდღეობა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. თანადგომა ხელს უწყობს ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას, რაც მომავალ თაობებს უკეთესი გარემოს შექმნაში ეხმარება.
მიხარია, რომ ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში გამოჩნდა კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ეს დახმარება და ყურადღება ძალიან დროული და ღირებულია“. – ანი მიმინოშვილი, პირველკლასელის დედა.
„პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში შემოქმედის თემის უფროსკლასელთათვის უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს შემეცნებითი საშაბათო სკოლა, სადაც მოსწავლეები ესწრებიან ტრენინგებსა და სემინარებს თემაზე „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“, მოწვეული ტრენერები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს ესაუბრებიან ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობაზე, ახორციელებენ პროექტებს გარემოს გაუმჯობესების, დასუფთავების, გამწვანების კუთხით.
გომის სკოლის პედაგოგთა ინიციატივით კომპანიამ უზრუნველყო სემინარების სესია კომუნიკაციების, ლიდერობის, პროექტის წერის უნარების განვითარების მიზნით. სემინარის ფარგლებში პედაგოგები ტრენერებთან ერთად მოამზადებენ სხვადასხვა პროექტებს სკოლაში სასწავლო პროცესების გასაუმჯობესებლად.
შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდება კვირიკეთის სკოლის პედაგოგებისთვისაც, მოსწავლეები კი ჩართული არიან საშაბათო სკოლის აქტივობებში.