ტრადიციულად ნაკიანი წლის ნოემბრის პირველ სამშაბათს ამერიკელი ხალხი ქვეყნის პოლიტიკური მომავლის შესახებ საკუთარ ნებას გამოხატავს. მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე შეხედულებები ასე პოლარიზებულია და საგარეო პოლიტიკის მხრივ ხალხის მიერ არჩეულ ლიდერზე თანამედროვე ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტის ბედი იქნება დამოკიდებული, შესაფერისი იქნება, თუ დღევანდელ არჩევნებს სიტყვა “ისტორიულით” დავახასიათებთ.
თუმცა, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის არსებული არაერთი დიამეტრული განსხვავების მიუხედავად, როგორც ჩანს, ხალხისთვის არჩევანის გაკეთება არც ცხადია და არც მარტივი. ამაზე პირველ რიგში ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვები მეტყველებს, სადაც ორი კანდიდატისადმი მხარდაჭერა 49-49%-ზეა გაჩერებული.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევით, ამერიკელების მხოლოდ 26.9%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. როგორც ორივე კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიიდან გამოჩნდა, ასეთი განწყობის განმაპირობებელი სხვადასხვა საკითხია. 2024 წლის წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებისთვის უმთავრებს პრობლემას ინფლაცია და ეკონომიკა წარმოადგენდა, რასაც იმიგრაციისა და აბორტის საკითხები მოჰყვებოდა.
ცხადია, არჩევნების შედეგებზე კანდიდატების მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების განწყობას მათი პირადი ნაკლოვანებებიც განსაზღვრავს. ტრამპის შემთხვევაში ეს მისი რიტორიკითა და 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებით არის განპირობებული, ჰარისის შემთხვევაში კი – ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან მისი ვერ დისტანცირებითა და ზედაპირული წინასაარჩევნო კამპანიით.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს კვლავ უცვლელი კანონი განსაზღვრავს: რომელი შეძლებს საკუთარი პარტიის ძირეული ამომრჩევლების მობილიზებას და დამოუკიდებლების გადმობირებას. როგორც წესი, გამარჯვებულს პარტიული ამომრჩევლების, სულ მცირე, 90%-ზე მეტის ხმა და დამოუკიდებლებში მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება სჭირდება.
პირველ ნაწილში ტრამპის მდგომარეობა სავარაუდოდ უფრო დამაჯერებელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა წინა თვეებში რიგი სამართლებრივი დაბრკოლებები გადალახა. ტრამპმა ეს ბრძოლა დემოკრატების მხრიდან მის წინააღმდეგ სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებად დასახა, რითაც მან პირველ რიგში შიდაპარტიულ პრაიმერიზში გამარჯვება შეძლო. სანახავია, რამდენად მოახერხა მან ამ მუხტის არჩევნებამდე მოტანა. მეორე მხრივ, საპრეზიდენტო რბოლიდან ჯო ბაიდენის გამოთიშვის შემდეგ დემოკრატიული პარტია კამალა ჰარისის გარშემო მეტი ენთუზიაზმით გაერთიანდა, თუმცა ბოლო კვირებში გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს მუხტი მნიშვნელოვნად შესუსტდა.
როგორც უკვე ვახსენე, დამოუკიდებელი ამომრჩევლების გადმობირების მხრივ ორივე კანდიდატს თავისი ნაკლოვანებები აქვს, თუმცა ამის გადასაწონად მათ წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი სტრატეგიები ჰქონდათ. ტრამპმა თავის გუნდში მანამდე არაპარტიული, დამოუკიდებელი ან სულაც ყოფილი დემოკრატების მიღება დაიწყო – ტულსი გაბარდი, რობერტ ფ. კენედი, ილონ მასკი და ახლახან ჯო როგანისგან გამოცხადებული მხარდაჭერაც ამის ნათელი მაგალითია.
ამ მხრივ ჰარისის საარჩევნო სტრატეგია მანამდე შედარებით რადიკალური მემარცხენე წარსულისგან თავის შორს დაჭერით და უფრო ზომიერ კანდიდატად წარმოჩენით შემოიფარგლებოდა, რასაც თან ახლდა ტრამპისგან “დემოკრატიის საფრთხის” ხატის შექმნა, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზე, და ტრამპის რიტორიკაზე, აპელირებით.
მართალია, რომ ორივე კანდიდატის მცდელობების მიუხედავად ეროვნული მასშტაბით მათ თანაბარი მაჩვენებლები აქვთ, თუმცა თუკი 2016-სა და 2020-ის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ტრამპისგან სავარაუდოდ უფრო უკეთესი შედეგის ჩვენებას უნდა ველოდოთ. ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ საარჩევნო კოლეგიის ინსტიტუტი ჩვეულებისამებრ ტრამპს სწყალობს, შესაბამისად, თუკი არჩევნები ისევე ახლოს იქნება, როგორც ამას გამოკითხვები წინასწარმეტყველებენ, ეს კამალასთვის უფრო არასახარბიელო სურათს ხატავს. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ არჩევნებში აქტივობა წინა ორი არჩევნების მსგავსად ისეთივე მაღალი იყოს. 2020-ში არჩევნებში უპრეცედენტო 158 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც 1900 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი აქტივობა იყო (66.8%).
ეროვნულ დონეზე თანაბარი მაჩვენებლების მიუხედავად, გადამწყვეტი ბრძოლები რამდენიმე შტატში – არიზონა, ნევადა, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, უისკონსინი, მიჩიგანი და პენსილვანია – გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამერიკელი ხალხი სინამდვილეში საარჩევნო კოლეგიის წევრებს ირჩევს, რომლებიც არჩევნებზე მათ შტატს წარმოადგენს. ყოველი შტატისთვის საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლების რიცხვი წინასწარ არის განსაზღვრული. არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538-დან 270 კოლეგიის წევრის ხმა სჭირდება.
2020 წლის არჩევნებში ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმის მოპოვება შეძლო, ტრამპმა – 232-ის, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის აღწერამ სურათი შეცვალა, აქედან გამომდინარე, 2024-ის არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც, თუ ტრამპი იგივე შტატებს მოიგებს, ხოლო ჰარისი იმავეს, რაც – ბაიდენმა, საარჩევნო კოლეგიის ხმები სხვანაირად გადანაწილდება. ახალი დაანგარიშებით, 2020-ის შედეგით ტრამპს 235 ხმა ექნებოდა, ჰარისს – 303.
თუმცა, ამ არჩევნებში ახალი აღწერით გამოწვეული ცვლილებების გარდა კვლევები ე.წ. “გადამწყვეტ შტატებში” განსხვავებულ მდგომარეობაზეც მიანიშნებენ, რაც ტრამპისთვის, ისევე როგორც ჰარისისთვის, გამარჯვების თავისებურ გზას სახავს.
ტრამპის გამარჯვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ხუთი შტატის მოგება, რომლებშიც მან 2016 წელს გაიმარჯვა, მაგრამ რომელთაც შემობრუნება ბაიდენმა 2020-ში შეძლო, ესენია: არიზონა, ჯორჯია, უისკონსინი, მიჩიგანი და პენსილვანია. არიზონისა და ჯორჯიის მოგებით ტრამპი 262 ხმამდე ასვლას მოახერხებს, თუმცა მას ე.წ. “ლურჯი კედლიდან” ერთ-ერთ შტატში გამარჯვებაც დასჭირდება, ანუ უისკონსინის, მიჩიგანის ან პენსილვანიის.
მაგალითად, ჯორჯიასა და არიზონაში, ასევე უისკონსინში, ჰარისის დამარცხების შემთხვევაში იგი საარჩევნო კოლეგიის 272 ხმის აღებას შეძლებს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტრამპს არიზონაში 1.9%-იანი უპირატესობა აქვს, ხოლო ჯორჯიაში 0.9%-იანი, რაც ტრამპისთვის მანუგეშებელი მარჟაა.
თავის მხრივ, კამალა ჰარისის უპირატესობა, თუმცა მცირე, “ლურჯი კედლის” შტატებშია შესამჩნევი: ბოლო კვლევებით, უისკონსინში ჰარისი ტრამპს 1.4%-ით, მიჩიგანში 1.8%-ით, ხოლო პენსილვანიაში 0.3%-ით უსწრებს. მაგრამ აქ კვლავ გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო გამოკითხვებში ტრამპისადმი მხარდაჭერის არასათანადო შეფასების ისტორია. შესაბამისად, გამარჯვების მოსაპოვებლად ჰარისს “ლურჯი კედლის” შენარჩუნება დასჭირდება.
ამას გარდა, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი რბოლის მანძილზე იმედებს ჩრდილოეთ კაროლინაზეც ამყარებდა, რომლის მოგების შემთხვევაშიც ტრამპი გამარჯვებას ზემოხსენებულ მაგალითშიც ვერ შეძლებს. ბოლო კვლევით, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს 1.1%-იანი უპირატესობა აქვს და მისი საარჩევნო შტაბიც დარწმუნებულია, რომ ჩრდ. კაროლინას შემობრუნებას დემოკრატები ვერ შეძლებენ.
თავისთავად, აღნიშნული 7 გადამწყვეტი შტატის გარდა არჩევნებში მოულოდნელობები არ უნდა გამოვრიცხოთ. ამის მაგალითი სამი დღის წინ ენ სელზერის მიერ აიოვას შტატზე გამოქვეყნებული გამოკითხვაა, რომელშიც კამალა ჰარისი ტრამპს 3%-ით უსწრებს. სელზერს აიოვას შტატში სწორი შედეგის დასმის მრავალწლიანი ისტორია აქვს და მისი გამოკითხვები ხშირად ასახავდა იმ ტრენდს, რომელიც მოგვიანებით გამართლდა.
2008 წლის აიოვას პრაიმერიზში სელზერის პროგნოზით ობამა დაწინაურდებოდა და გაიმარჯვებდა, რაც მალევე გამართლდა. 2016 წლის არჩევნებამდე სელზერის გამოკითხვა პირველი იყო, რომელმაც შტატში ტრამპისადმი მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა შენიშნა, ხოლო 2020 წელს მისივე გამოკითხვით, ტრამპი აიოვაში 10-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვებდა – ტრამპმა აიოვა 9 ქულით მოიგო.
გარდა იმისა, რომ სელზერის გამოკითხვა შესაძლოა, აიოვას შტატში ტრამპის დამარცხებას მოასწავებდეს, ეს შეიძლება ზოგადად “ლურჯი კედლის” შტატებში ამომრჩევლების განწყობაზეც მიანიშნებდეს, რადგან აიოვა, უისკონსინი, მიჩიგანი და პენსილვანია დემოგრაფიულად გარკვეული თვალსაზრისით ერთმანეთს ჰგვანან. თუმცა, მეორე მხრივ, სელზერის გამოკითხვის შედეგები შეიძლება შტატის საზღვრებს არც გასცდეს და მხოლოდ აიოვას კლიმატი ასახოს. უნდა გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში აიოვაში აბორტზე 6-კვირიანი აკრძალვა შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომლებიც 2016-სა და 2020-ში ტრამპს უჭერდა მხარს, მის საწინააღმდეგოდ განაწყო.
ტრამპს ასევე გაუმჯობესებული შედეგი აქვს შავკანიან და ლათინოამერიკელ ამომრჩევლებს შორის, რამაც შესაძლოა მას არიზონაში, სადაც ამომრჩევლების 20% ლათინოამერიკელია, და ჯორჯიაში, სადაც ამომრჩევლების 30% შავკანიანია, გამარჯვებები მოუტანოს.
დემოგრაფიული გადმოსახედიდან ტრამპს გამარჯვების შანსები “ლურჯი კედლის” შტატებშიც აქვს. რესპუბლიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერის გათვალისწინებით ტრამპს მოგების შანსი ყველაზე მეტად ალბათ უისკონსინში აქვს. ბაიდენმა ეს შტატი 2020-ში 0.5%-ზე ნაკლები სხვაობით მოიგო. უისკონსინში ასევე ყველაზე დიდი თეთრკანიანი მოსახლეობაა, რომელთაგანაც ჩვეულებისამებრ უმეტესობა ტრამპს უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ აბორტის საკითხი გადამწყვეტი პრობლემა არ აღმოჩნდა არიზონაში ტრამპის მხარდამჭერებისთვის, სადაც, NYT/Siena-ს გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს 4-ქულიანი უპირატესობა აქვს მაშინ, როცა აბორტზე შტატის კონსტიტუციაში შესწორების შეტანას 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
ამ არჩევნებისთვის კიდევ ერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და თავიდან ავირიდოთ, ე.წ. “წითელი მირაჟია”. ეს ტერმინი იმ ფენომენის დასახასიათებლად გამოიყენება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში კარგად გამოჩნდა, როდესაც ზოგიერთ შტატში ტრამპი თავიდან იგებდა, თუმცა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ ბაიდენი დაწინაურდა.
მაგალითად, 2020 წელს პენსილვანიის შტატში 1.6 მილიონი ბიულეტენი ფოსტით გაიგზავნა, რომელთაგანაც 60% დემოკრატი ამომრჩევლის იყო, რესპუბლიკელების კი – მხოლოდ 28%. პენსილვანიაში არჩევნების დღის მოსვლამდე ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლის უფლება არ აქვთ, შესაბამისად, როდესაც არჩევნების დღე დადგა, ტრამპმა საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების უმეტესობაში გაიმარჯვა, მაგრამ ფოსტით გაგზავნილებში წააგო, რამაც მირაჟის ილუზია შექმნა. თუმცა, შესაძლოა 2024-ში ისეთივე მირაჟი აღარც განმეორდეს, ვინაიდან არჩევნების დღემდე ხმა უკვე 78 მილიონმა ადამიანმა მისცა, რომელთა შორისაც მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელების პროპორციული წილი 2020-თან შედარებით უფრო მეტი იქნება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ამომრჩევლებს ფოსტით ხმის მიცემისკენაც მოუწოდებდა.
კონგრესის არჩევნები
საპრეზიდენტო არჩევნების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნები, რომლებზეც რესპუბლიკური ან დემოკრატიული პარტიის კონტროლიც ორივე კანდიდატის საპრეზიდენტო ვადას განსაზღვრავს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მეტწილად კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ კონგრესის კონტროლისთვის რბოლაც საკმაოდ ახლოს იქნება.
ამ მხრივ, რესპუბლიკურ პარტიაში დიდი მოლოდინია აშშ-ს სენატის არჩევნებზე, სადაც დემოკრატების მიერ კონტროლის დაკარგვას პროგნოზირებენ. პირველ რიგში, ამ წარმოდგენას ხელს უწყობს დასავლეთ ვირჯინიის შტატის დემოკრატი სენატორის ჯო მანჩინის მიერ კარიერის დასრულება. თითქმის უდავოა, რომ მის ადგილს რესპუბლიკელი კანდიდატი, გუბერნატორი ჯიმ ჯასტისი დაიკავებს. დასავლეთ ვირჯინიაში 2020 წელს ტრამპმა ხმების 70% მოიპოვა.
დემოკრატებისთვის ცუდი სურათი იხატება მონტანას შტატშიც, სადაც ამჟამინდელი სენატორი ჯონ ტესტერი ყველაზე სუსტ პოზიციაზე მყოფად მიიჩნევა ამ წლის სენატის არჩევნებში. იგი თანამდებობაზე უკვე მესამე ვადით იმყოფება, თუმცა მისი მეტოქე რესპუბლიკელი ტიმ შიჰია, რომელიც საზოგადოებრივ გამოკითხვებში მასზე წინაა.
დემოკრატიულ პარტიას სენატში ადგილების დაკარგვის საფრთხე უისკონსინის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ოჰაიოს შტატებშიც აქვს, სადაც ტრამპის მიერ ნაჩვენები კარგი შედეგი თავისთავად ამ შტატებში რესპუბლიკელი კანდიდატების წისქვილზეც დაასხამს წყალს.
მეორე მხრივ, თუკი დემოკრატები სენატში ადგილების შენარჩუნებას შეძლებენ, რაც 50 – 50-იან გადანაწილებაზე დარჩენას გულისხმობს, და საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გახდება გამარჯვებული, დემოკრატები სენატზე კონტროლს კვლავ შეინარჩუნებენ, რადგან ადგილების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტს აქვს.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, აქ დემოკრატებს მხოლოდ 4 ადგილის მოპოვება სჭირდებათ, რათა რესპუბლიკელები ქვედა პალატის მართვის სადავეებს ჩამოაშორონ. წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის ვერ მოპოვება დემოკრატებისთვის ყველა შემთხვევაში რთულ გზას მოასწავებს.
მთავარი, რაც ამ არჩევნების შედეგებს გადაწყვეტს იქნება ის, თუ რომელი კანდიდატი, ან რომელი პარტია, შეძლებს აჩვენოს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი კურსის შეცვლის ძალა შესწევს. რომელია ცვლილებების კანდიდატი – ახლანდელი ადმინისტრაციის ვიცეპრეზიდენტი თუ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი – ამას პირველ რიგში ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს.