საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩის, დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება ძალიან მძიმე ფონს ქმნის დასავლელი პარტნიორების თვალში.
გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა გოჩა ჯავახიშვილმა 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ “ნათელი მოეფინება იმას, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს”.
მისი თქმით, თავისუფლების მოყვარე ხალხი ვერ შეეგუება, რომ აბუჩად აიგდონ მათი უფლება საკუთარი ხელისუფლების არჩევაზე.
“დღეს რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით, ეს ქმნის ძალიან მძიმე ფონს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. მათ არაერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნებოდა დემოკრატიის ტესტი და ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ არჩევნების დღემდე პროცესს, როგორ მომზადდა არჩევნები, როგორ მიმდინარეობდა კამპანია, რამდენად ჯანსაღი იყო პოლიტიკური დებატების გარემო, როგორ იყო [საარჩევნო] პროგრამები. […] მათი შეხედულებით, ასევე რაც ეგზიტპოლებმა აჩვენეს, საქართველოში დიდი ალბათობით უნდა შემდგარიყო კოალიციური მთავრობა. […]
ახლა კი ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს მოსახლეობაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ გამოძიებული იქნას დარღვევები, რომელიც თვალსაჩინოა – არსებობს ვიდეოები, უშუალოდ დამკვირვებლები აღწერენ და მეც პირადად იმედი მაქვს, რომ ეს გაირკვევა, ნათელი მოეფინება, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს, რომ ამომრჩეველს არ დარჩეს უსამართლობის განცდა, იმის განცდა, რომ არა მხოლოდ მისი არჩევანი დააიგნორეს, არამედ ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეები თავს გრძნობენ დაიგნორებულად და ასეთ შემთხვევაში, არ ჰქონდეს ადამიანს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვას, ეს არის დამამცირებეული და ძალიან რთული. ვერ შეეგუება თავისუფლების მოყვარე ხალხი იმას, რომ აბუჩად აიგდონ მისი უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება”, – თქვა მან.
მან ასევე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დღეს წარმოადგენს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნებთან ყველაზე ახლოს სწორედ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები და წინადადებებია.
“პრეზიდენტის როლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დღეს წარმოადგენს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ისიც აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თანამეგობრობა ესაუბრება პრეზიდენტს, ანგარიშს უწევენ მის გამოცდილებას, მის პოზიციებს და ის წინადადებები, რაც მას აქვს, ყველაზე ახლოს არის იმ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რასაც გვიყენებს ევროკავშირი”, – აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა.