მოსკოვის ეკლესიაში პოლიციამ ანტისაომარი შეხედულებების მქონე პირი დააკავა

მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში პოლიციამ ანტისაომარი შეხედულებების მქონე პირი, ალექსეი სევასტიანენკო დააკავა. დაკავებულის ანტისაომარი შეხედულებები რუსეთ-უკრაინის 2022 წელს დაწყებულ ომს შეეხებოდა. ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ თავად მრევლის წევრისგან გაიგეს.

სევასტიანენკოს თქმით, ის დეკანოზმა, ანდრეი ტკაჩევმა დაასმინა. ტკაჩევი სამების ტაძრის წინამძღვარია. დაკავებამდე მრევლის წევრი თავის ანტისაომარ შეხედულებებს მღვდელს პირად საუბრებში უზიარებდა.

ОВД-Инфо-ის ინფორმაციით, სევასტიანენკო ბასმანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას მთელი ღამის განმავლობაში დატოვებენ. დაკავებულისთვის ჯერ კიდევ არ განუმარტავთ რა სახის სამართალდარღვევას წაუყენებენ.

ცნობისთვის, 1993-დან 2024 წლამდე ხოხლების სამების ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი ალექსეი უმინსკი იყო. ომის დაწყების შემდეგ უსმინკსი ამბობდა, რომ ვერ დაუჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. 2024 წლის იანვარში უმინსკის მსახურება აეკრძალა და მღვდელმსახურის წოდება ჩამოერთვა. ამჟამად ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობს.

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, უმინსკის ადგილი დეკანოზმა ანდრეი ტკაჩევმა დაიკავა. ის 2014 წელს უკრაინიდან რუსეთში გადავიდა და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აქტიურად უჭერდა მხარს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share