გურიის მოამბე

“აჭარის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურია” – მოქალაქეების პროტესტი არ წყდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე იკრიბება – ამის პარალელურად, მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათი ხმები მიიტაცა, ადგილზე პროტესტს იწყებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ გაყალბებულ არჩევნებთან შეგუებას არ აპირებენ.

ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან სხდომას 13 დეპუტატი დაესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ შევლენ, განცხადებას დაწერენ და მანდატებზე ოფიციალურად უარს იტყვიან.

როგორი არალეგიტიმური და თვითმარქვიაც არის საქართველოს პარლამენტი, ისეთივე არალეგიტიმური და კლოუნია აჭარის უმაღლესი საბჭო. ვიღაცები არიან, ვისაც უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ ისე დაკარგეს ნამუსი, რომ ალბათ, აღარ რცხვენიათ”, – ამბობს მოქალაქე. 

ცნობისთვის, გუშინ, 25 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო – დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights