კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე სტრასბურგში არიან – ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცების წინ ოპოზიცია მოლაპარაკებებს იწყებს.
ამ წუთებში ოლიგარქის გუნდის ოპონენტები სწორედ იმ ევროპარლამენტარებს ხვდებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და საქართველოს სხვა ოფიციალური პირების დასანქცირებას მოითხოვენ.
დღის ბოლოს კი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გავლენიანი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ბრიფინგს გამართავს და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების საპასუხოდ როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პოზიციას გააჟღერებს.
ამის პარალელურად, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში დასამტკიცებელი რეზოლუცია “ქართული ოცნებისთვის” მკაფიო გზავნილი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის გუნდი სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
დღეს ყველა ხედავს, რომ იმ რეალობასთან მიმართებით, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, არის საჭირო ახალი პოლიტიკა. ეს რეზოლუცია შესაბამისად დაადგენს გარკვეულ პოლიტიკურ ჩარჩოს ამ ახალი პოლიტიკისთვის. ინდივიდუალურ წევრ ქვეყანას შეუძლია შეუზღუდოს ნებისმიერ პირს შესვლა მის ტერიტორიაზე. ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომ ისინი არიან გარიყულები ევროპის მიერ”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი მმართველი პარტიის რიტორიკას იმეორებს და ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე წინ არის.
“ჩვენი მოტივაციაა, ყველა პარტნიორთან ურთიერთობა ეფუძნებოდეს არა ცარიელ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ ურთიერთპატივისცემას” – თქვა “ოცნების” ახალმა სახემ.
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არც რომელიმე სახელი-გვარით და ინსტიტუტით დაწყებულა და არც რომელიმე სახელი-გვარით, ინსტიტუტით დასრულდება. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება მზად ევროკავშირში წევრობისთვის. უკვე დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე წინ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროპარლამენტთან. ამავე დროს, ჩვენი მოტივაცია არის, რომ ყველა ჩვენ პარტნიორთან ურთიერთობა ეფუძნებოდეს არა ცარიელ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ ურთიერთპატივისცემას”, – ამბობს ლევან მახაშვილი.
საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული რეზოლუციის 6 სხვადასხვა პროექტი აიტვირთა. მიუხედავად მცირედი შინაარსობრივი განსხვავებისა, სარეზოლუციო დოკუმენტებით ევროპარლამენტარები სავიზო შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითხოვენ.