ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და მწვავე გზავნილები გააჟღერა.
დონალდ ტუსკის შეფასებით, საქართველო რუსეთის აგრესიული ჩარევის მსხვერპლია – “საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის მოვლენების უკან არის რუსეთი, მოსკოვი”.
“ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელობა ძალიან იმედგამაცრუებელია ჩვენთვის” – განაცხადა დონალდ ტუსკიმ, რომელმაც ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა.
თქვენ იცით ჩემი პოზიცია, საქართველო ჩემი გულია და ჩემს გულშია. მე ყოველთვის ვუძღვნი თავს, როდესაც საქმე ეხება თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და პროევროპულ გზას საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ველოდით.
მე მართლა ვწუხვარ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტად ეფექტური რამ ხელისუფლების წინააღმდეგ. არ არის მარტივი, რომ ჩაერიო. მაგრამ მაგიდის ირგვლივ ყველამ იცის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის მოვლენების უკან არის რუსეთი, მოსკოვი. მე აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყანაში ვხედავ რუსეთის ჩარევას. ვერ ვიტყოდი რომ წარმატებაა, მაგრამ სულ მცირე კარგი შედეგია ის, რომ უნგრელი პრემიერის ჩათვლით, ყველა აცნობიერებს, რომ რუსეთი აგრესიულად ერევა ქვეყნებში და საქართველო არის ამის მსხვერპლი.
ჩემთვის ძალიან მარტივი იქნებოდა ამ კომფორტული გარემოდან მეთქვა ქართველი ხალხისთვის, რომ იყავით ძლიერი, იდექით მყარად, მაგრამ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, თუ რაიმეს მიღწევა გინდათ. მე როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეც ვიყავი დემონსტრაციის ნაწილი, 50 წლის წინ და მაშინ არარეალურად ჩანდა ყველაფერი, მაგრამ თუ ხალხი არის საკმარისად მზად, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი. შეიძლება არა ხვალ, არა ზეგ, მაგრამ მას აქვს შანსი. სამწუხაროდ, ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელობა ძალიან იმედგამაცრუებელია ჩვენთვის”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.