“საქმეთა გაჭიანურება, არასათანადო მოპყრობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა” – საია სისხლის სამართლის საქმეების პრობლემებზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, 50-მდე პირის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება, მათ შორის, საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, პატიმრობის პრაქტიკის გამოყენება, არასათანადო მოპყრობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა.

 

“ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება 50-მდე პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას და ეს საქმეები უკავშირდება პროტესტს. მათ შორისაა, 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას საქმე, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები…

პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, ეს უკავშირდება საქმეთა გაჭიანურებას. რუსული კანონის პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეები ჭიანურდება და ეს ჩვენ მანამდეც აღვნიშნეთ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით. საია-ს შეფასებით პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში. ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეიძლება საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს.

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, უკავშირდება პატიმრობის გამოყენების პრაქტიკას. ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იკვეთება, როგორც ერთ0ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. არასათანადო მოპყრობა არის ის რაზეც, მათ შორის, დაკავებულები საუბრობდნენ და ერთ-ერთი დაკავებული ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვრცლად გამოეხმაურა ამ საკითხს, ვგულისხმობ საბა სხვიტარიძეს, რომელმაც დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

 

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა, ეს არის ის რაც ამ საქმეებს ფონად მიყვება. ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი პირი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ საქმეებს არ იძიებს ობიექტურად, დროულად და სრულყოფილად”, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share