რეპრესიები საჯარო სექტორში – თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს.
გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის.
ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი პოსტიდან მისი გადაყენების ფაქტს საკუთარ განცხადებებს უკავშირებს. მერიის თანამშრომელი, “ოცნების” ანტიევროპულ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა.
“ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის” – ამბობს გიგა სოფრომაძე “პირველებთან” ინტერვიუში.
აი ამ მომენტში, ინტერვიუს ჩაწერამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიგე, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. სიტყვიერი საუბარი, ახსნა-განმარტება, არ ყოფილა. 47-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტი, რომელიც ნიშნავს სხვა მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტას, აი ამ მუხლით ვარ გათავისუფლებული.
თურმე, ის საქმე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მერიაში, ახლა აღარ ყოფილა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცვლილება არ ყოფილა, არც პროგრამა დამატებია, არც გამოკლებია. პრემიები, ან ფინანსური წახალისება, რომელიც თანამშრომლებზე გაიცემა, ჩემ შემთხვევაში სრულიად ჩახსნილი იყო მას შემდეგ, რაც მე ღიად დავიწყე აქტიურობა. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიჩაგრებოდი. ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის”, – ამბობს გიგა სოფრომაძე.
ამასთან, “პირველების” ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში დაახლოებით 60 საჯარო მოხელეს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.