“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.
დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ, იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არამარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია,რომ პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს,რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები.
სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის დანაშაულის პრევენცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, – განაცხადა კობახიძემ.