2024 წელი იწურება. სამყარო ახალი, 2025 წლის მოლოდინშია და მისგან ბედნიერებას, ბარაქას, სიხარულს ითხოვს…
როგორ აფასებენ 2024 წელს და რას ნატრობენ მომავალი წლისგან ცნობილი ადამიანები.
ნინო მუმლაძე – მსახიობი:
– 2024 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და საოცარი იყო: მისგან განსაკუთრებული საჩუქარი მივიღე – დედა გავხდი! როგორ შეიძლება მისი მადლიერი არ ვიყო? ახალი წლისგანაც სასიამოვნო სიახლეებს ველოდები, რადგან მჯერა: როცა ამდენი ადამიანი კოსმოსში დადებით ენერგიას აგზავნის, ეს აუცილებლად მოიტანს დადებით, სასიამოვნო შედეგს. ამიტომ, არ უნდა დავიზაროთ, საახალწლოდ უნდა გამოვიპრანჭოთ და თუნდაც, ნაძალადევად გავიღიმოთ, რომ მეტი დადებითი ენერგია მივიღოთ და გავცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ კოსმოსიდანაც დადებითი ენერგია დაგვიბრუნდება.
რას ველოდები მომავალი წლისგან? მინდა, რომ ჩვენი ხალხი ერთიანი იყოს და ის გეზი, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, მომავალშიც გაგრძელდეს, რომ ამის გამო მუდმივი კამათი, დაპირისპირება და არეულობა აღარ იყოს, რომ ოდესმე გვეღირსოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და დაამშვიდებს. ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, რომ აქციებზე დაკავებული უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლონ. აბა, სად წერია, რომ ქუჩებში კუნთმაგარი ბიჭები დადიოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც თვალში არ მოუვათ?! არც ერთ მოძალადეს და თავდამსხმელს პასუხი არ მოსთხოვეს და ყველაზე განათლებული, საუკეთესო ახალგაზრდები ციხეში ჩასვეს, ამიტომ, პირველი, რასაც ვნატრობ და რაც უნდა გაკეთდეს, დაკავებული, დარბეული ადამიანები გარეთ უნდა გამოუშვან. ვინმე ფიქრობს, ახალგაზრდა ბიჭი 9-10 წელიწადს ციხეში რომ გაატარებს, იქიდან როგორი გამოვა და მისი სიცოცხლე როგორ წარიმართება? ამიტომ, ეს ხალხი უნდა გაათავისუფლონ – ეს სიტუაციას განტვირთავს და ხალხს დაამშვიდებს.
ბადრი ვადაჭკორია – ფოტოგრაფი:
– ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ბოღმა, შური და უარყოფითი ემოციები არ მახასიათებს და ალბათ ამიტომ, მჯერა, რომ მომავალი წელი მხოლოდ სიკეთეს მოგვიტანს. 2024 წლის ბოლო დღეები ჩემთვის სასიამოვნო ამბით დასრულდა: 27 დეკემბერს გამოვეცით უნიკალური ალბომი, “ანა კალანდაძე – 100 წელი დაბადებიდან”. ცნობილია, რომ 15 დეკემბერს, პოეზიის დედოფალს 100 წელი შეუსრულდა და ეს გამოცემა სწორედ მას მივუძღვენით. მასში, ანას 100 ლექსი ჩემი ფოტოებითაა დასურათებული, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ! უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ამაზე სერიოზული ბოლო წლებში არაფერი გამიკეთებია. ისე კარგად შეერწყა ეს მშვენიერი ლექსები და ჩემი ფოტოები ერთმანეთს, რომ ძალიან გაკვირვებული და გახარებული ვარ.
ჩემთვის ამოსავალი წერტილი საქართველოა, ამიტომ, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობ – ქართველს ქართველი შევაყვარო… ვწუხვარ, რომ ეს არ გამომდის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ეს დაძაბული პერიოდი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გითხარით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ შევძლებთ ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთგაგება ვისწავლოთ. ჩვენს სამშობლოში კარგიც მომხდარა და ცუდიც, მაგრამ ქართველი ხალხი ყველა განსაცდელიდან უფრო ძლიერი გამოსულა – ჩემი ოპტიმიზმის საფუძველიც სწორედ ეს არის!
ონისე ონიანი – მსახიობი:
– ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმე წელი იყო, განსაკუთრებით, პოლიტიკური თვალსაზრისით. მან ბევრი მოულოდნელობა და ნეგატიური ემოციები მოგვიტანა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მსახიობები სცენაზე აღარ გავდივართ, ჩვენი კოლეგა, ანდრო ჭიჭინაძე, დაკავებულია… აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ 2024 წელი მშფოთვარე და მძიმე გამოდგა. მომავალი წელი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვლება ეს სიტუაცია, რამდენად მშვიდი და სტაბილური იქნება ჩვენი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, თუ სასიკეთო ცვლილებები მოხდება და ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ხალხს სურს, მაშინ ყველაფერი კარგად აეწყობა. რასაკვირველია, ის ადამიანები, რომლებიც არაფრის გამო დააკავეს, უნდა გათავისუფლდნენ, ხალხის მოთხოვნებიც უნდა შესრულდეს, რომ ეს ქვეყანა როგორმე დამშვიდდეს და დაწყნარდეს. სიჯიუტე ყველას და ყველაფერს ღუპავს, ამიტომ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სიტუაცია როგორმე განიმუხტოს. ეს ადამიანები აბსურდული ბრალდებების გამო დააპატიმრეს, ამიტომ თუ მათ არ გამოუშვებენ, ახალი წელი ჩვენი ოჯახებისთვის და მთელი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვერ იქნება. შეიძლება ბავშვების გამო ვიღაცამ ნაძვის ხეც მორთოს, შეიძლება კიდეც აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ იქნება ნამდვილი სიხარული, – დამიჯერეთ! ვნატრობ, რომ ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და სულ ვლოცულობ, რომ ჩემი ხალხი, ლაღი, ბედნიერი და გაბრწყინებული ვნახო!
ეთერ თათარაიძე – ფოლკლორისტი:
– 2024 წელი ჩემთვისაც რთული და მოულოდნელობებით აღსავსე იყო. ამიტომ მინდა, რომ მან ყველა სადარდელი და საფიქრალი წაიღოს! ვნატრობ, რომ მომავალი წელი სიხარულით სავსე და ბედნიერი იყოს. როდესაც ახალ წელს ახსენებენ, მე სულ თუშეთში გატარებული ბავშვობა მახსენდება: უგემრიელესი, ფოჩიანი კანფეტებით მორთული ნაძვის ხე და ბატი-ბუტი, რომელსაც ყველგან ვფანტავდით, თუ თოვლი არ მოვიდოდა. ეს მოგონებები დღემდე ტკბილად მახსენდება. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველებს შორის ის სიყვარული აღარ არის, რაც იყო და ვნატრობ, მოგვიბრუნდეს სიყვარული! – ეს დიდი ძალაა, რომლის გარეშე ვერ ვიარსებებთ. მინდა, რომ მომავალმა 2025 წელიწადმა ყველა ოჯახში ბარაქა და სიხარული მოიტანოს.
კვირის პალიტრა