გურიის მოამბე

დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული სააგენტოში 3 დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს

31 დეკემბერს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 დეპარტამენტის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ თანმდებობის დატოვება 1 თებერვალს მოუწევთ.

ამის შესახებ, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ტყეშელაშვილმა, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსმა, ნათია ალიაშვილმა და განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა, მორის ბარამიამ სოციალურ ქსელში დაწერეს.

“ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების განთავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!” – წერს ნინო ტყეშელაშვილი

2024 წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები დააინიცირა, რომელსაც ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ხელი უკვე მოაწერა. ცვლილებების მიხედვითაც საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებს აქამდე არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულების შინაარსი გაუწყდათ და ისინი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადავიდნენ, რამაც მათი გათავისუფლების პროცესი გაამარტივა.

აღნიშნულ ცვილებებზე ISFED-ი დეკემბერში აცხადებდა, რომ ცვლილებების მიზანს “არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა წარმოადგენდა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share