ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში პირველ კომენტარებს აკეთებენ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილის გუნდს ავტორიტარულ, დე ფაქტო რეჟიმად აცხადებს და ბაშარ ალ-ასადსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს.
დღეს ჩვენ გვყავს ავტორიტარული, დე ფაქტო რეჟიმი, რომელიც ატარებს ყველა იმ თვისებას, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ამიტომ არის მსგავსება ასადის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის. ცხადია, შეერთებული შტატების ეს ნაბიჯები ემსახურება “ქართული ოცნების” იძულებას მშვიდობისკენ. რომ ამ სანქციებმა, ამ ნაბიჯებმა აიძულოს “ოცნება”, რომ გაიგონოს მისი თანამოქალაქეების ხმა და ახალი არჩევნები ჩანიშნოს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
“ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში” კი ფიქრობენ, რომ ამერიკის კონგრესში მიღებულ გადაწყვეტილებას გადამგდები ეფექტი ექნება და “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” მოწოდებებს ევროპის სხვა სახელმწიფოებიც გაიზიარებენ.
ეს ნიშნავს, რომ შტატებში არაღიარება საკანონმდებლო დონეზე მტკიცდება. ანუ, აშშ-ის კანონი იქნება ასეთი, რომ ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან არ უნდა ჰქონდეთ არანაირი ურთიერთობა. შეუძლებელია, ეს მხოლოდ შტატებში დარჩეს. როგორც წესი, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ლიდერი სახელმწიფო მსოფლიოში, არის მხოლოდ პრეცედენტის დამდები და მას სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც, სავარაუდოდ, ანალოგიური ნაბიჯები მოყვება”, – ამბობს გია ჯაფარიძე.
ამერიკელმა კონგრესმენებმა უკვე დაარეგისტრირეს კანონპროექტი სახელწოდებით – „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. კანონპროექტზე, რომელიც “ამერიკის ხმას” კონგრესიდან მიაწოდეს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და კონგრესს დოკუმენტი ოფიციალურად სწორედ მათ წარუდგინეს.
არაღიარების აქტი გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად კი “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ დოკუმენტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.