გურიის მოამბე

გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა – PACE-ის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაა ოპოზიციას ხვდება. PACE-ს წევრები პროდასავლური პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ესაუბრებიან.

გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც საუბარსაც დელეგაციასთან ოპოზიცია გეგმავს.

ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და ამ მიზნით, ისინი დაკავებულებსაც შეხვდებიან.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტს საქართველოში ან მიზნებისთვის იყენებს. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია აქ არის იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე”,-განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს უკვე შეხვდა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

„საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის, რა ზომებს მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, იმაზე, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი და არც „ტიტუშკა“ დასჯილი არ არის. მოვახსენეთ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს. აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი. ავუხსენით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი პუნქტია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

PACE-ს წევრები ამ წუთებში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს ხვდებან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share