ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს ოცნების არალეგიტიმურს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტები გურამ მურვანიძე და მზია ამაღლობელი და გამოიძიოს, არის თუ არა ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიების მცდელობა.
“მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სერიოზული ბრალდებები აშკარად არაპროპორციულია და აჩენს კითხვებს, გამოიყენება თუ არა ეს საქმე მისი მედიაორგანიზაციების გაჩუმების მიზნით,” – განაცხადა გიულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა სასამართლოს გააკრიტიკა ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შესახებ არასაკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამო. ადვოკატი ჯუბა ქათამაძე აცხადებს, რომ ამაღლობელის ქმედება – პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნა – არ ამართლებს “თავდასხმის” სერიოზულ ბრალდებას. ანალოგიური შეფასება გააკეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ადგილობრივმა ოფისმა.
“ბათუმელების” ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, კარგად იცნობდა ამაღლობელს. მურვანიძემ თავის ადვოკატს განუცხადა, რომ დგებუაძემ პოლიციელებს მისი ტელეფონის წართმევა უბრძანა მას შემდეგ, რაც მურვანიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტი იყო.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა საქართველოს პროკურატურასა და აჭარის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის სპიკერს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია”, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.