ყველანი ვცდილობთ გამოვიცნოთ, რუსეთი რას მოიმოქმედებს უკრაინასთან მიმართებაში (ბევრის აზრით უახლოესი კვირა იქნება კრიტიკული).
რაც ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, დასავლეთის პასუხი უფრო მტკიცე და ერთიანია, ვიდრე რუსეთი ელოდა (ჩვენ ყოველთვის მეტი და ცალსახა გვინდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია)
ამ კვლევაში ჩანს ძალიან მნიშვნელოვანი რამ: მოხდა შემოტრიალება ევროპის საზოგადოებრივ აზრში: რუსეთი რომ აგრესორია და მთელი ევროპისთვის საფრთხეა, ხალხის დონეზე ფართოდ გაზიარებული განწყობა გახდა. ეს აღმოსავლეთ ევროპის გარეთ ასე არ იყო. ასეთი ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპაში პოლიტიკოსები საზოგადოებრივ აზრს უყურებენ.
მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება იმაზე, რომელი ქვეყანა რამხელა მსხვერპლისთვისაა მზად უკრაინის გულისთვის. მაგრამ ეს უკვე სხვა ტიპის საუბარია.
ვიმეორებ, მომავალში რა მოხდება, არ ვიცით, მაგრამ ამ წუთისთვის რუსეთი დიდად მოგებული არ ჩანს თავისი ავანტიურით. შეიძლება, იმედგაცრუებული პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა – არ გამოვრიცხავ.
აღნიშნულის შესახებ ანლიტიკოსი და პოლიტოლოგი, გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინას რუსი დიპლომატები ტოვებენ.