გურიის მოამბე

დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია ქართული თეატრი, მთელი სახელოვნებო სფერო – დავით დოიაშვილი

მსახიობების გათავისუფლების მოთხოვნის ირგვლივ ხელოვანების უპრეცედენტო ერთობაზე დავით დოიაშვილი ამახვილებს ყურადღებას – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი კამერის წინ პირდაპირ აცხადებს, რომ “დღეს როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია ქართული თეატრი, მთელი სახელოვნებო სფერო”.

დავით დოიაშვილს მიაჩნია, რომ ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შვილების თაობას მიუძღვის და აღნიშნავს, რომ სწორედ ახალგაზრდები არიან უშრეტი ენერგიის წყარო.

ამასთან, რეჟისორი სოლიდარობას უცხადებს ყველა უკანონოდ დაკავებულ არტისტს და ამბობს, რომ ხელოვანები ერთადერთი მიზეზის გამო დააკავეს – “მათ არ შეუძლიათ ტყუილზე თვალის დახუჭვა”.

”ასეთი ერთიანი ქართული თეატრი არასდროს ყოფილა. ანდრო ჭიჭინაძის და პოლიტპატიმრების საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთიანია მიუხედავად თავიანთი შეხედულებისა, სქესისა. დიდი მადლობა მათ. ჩემს თეატრში ხუთი ადამიანი დაზარალდა. არ შემიძლია არ ვთქვა ნათია ბუნტურის ცემა, გიორგი ბახუტაშვილის დაპატიმრება, უამრავი არტისტი მოწამლული. წარმოუდგენელი რამ ხდება. სოლიდარობა გურამ მაცხონაშვილს და იმ მსახიობებს, რომლებიც დაჭერილები იყვნენ.

ძირითადად, ამ ხალხს მოადგნენ, რატომ? მხოლოდ ერთი რამის გამო, მათ არ შეუძლიათ ტყუილზე თვალის დახუჭვა. ისინი აღარ შეეგუებიან. მოვიდა თაობა, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ. მე მაგალითად შემეშინდებოდა ახალი თაობის მაგივრად, მაგრამ მათ არ ეშინიათ. ყველაზე დიდი დამსახურებაც ჩემი ის იყო, რომ ახალგაზრდები მოვიყვანე თეატრში. მათ ავყევი, მათ ვუყურებ და ისინი მაძლევენ ძალას, მამაგრებენ. სწორედ ეს არის ის მუხტი, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. მათ არ შეუძლიათ, რაღაცაზე თვალი დახუჭონ. დღეს როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია ქართული თეატრი, მთელი სახელოვნებო სფერო”, – ამბობს დავით დოიაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share