გორში აქტივისტ ვახო ფიცხელაურს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ფორმულას ეთერში მისმა ცოლმა აღნიშნა, აქტივისტი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც მანქანით დახვდნენ, გაძარცვეს, სცემეს.
ახლა მას ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ.
“დაახლოებით 40 წუთის წინ ჩემი მეუღლე სახლიდან გამოვიდა, მაღაზიაში მიდიოდა. ელოდებოდნენ ფურგუნიანი სამარშრუტოთი ელოდებოდნენ, დაქოქილი მანქანიდან გადაიყვანეს ჩემი მეუღლე. გაიტაცეს, არის ნაცემი. ახლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაშია და სინჯავენ. სახე სისხლიანი აქვს სულ. გაძარცვულია, წართმეული აქვს მობილური, საფულე, რაც თან ჰქონდა”- თქვა აქტივისტის ცოლმა.
ის ფიცხელაურზე თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
“დღეს არის პროტესტის მე-60 დღე. ამ 60 დღიდან შეიძლება 10 დღე ვერ წამოვიდა, ეგეც იმიტომ, რომ საწვავის ფული ვერ იშოვა. ყველა თეთრი ჩვენი შემოსავლიდან მიგვაქვს საწვავში, რომ ჩამოვიდეს თბილისში და იდგეს რუსთაველზე”- თქვა მან.